პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საგანგაშოა პარლამენტში დაგეგმილი 3 საკანონმდებლო ცვლილება, რომელთა მიზანია ინსტიტუტების მიტაცება.
ელენე ხოშტარია მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს დაადოს ვეტო პარლამენტში წარდგენილ სამ კანონპროექტს.
„ხელისუფლება ცდილობს, წინა საახალწლოდ, მათი გადმოსახედიდან პოლიტიკურად არააქტიურ პერიოდში, დაიწყოს შეტევა სამი მიმართულებით: გააუქმოს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, გააძლიეროს მოსამართლეებზე რეპრესიები და კვლავ შესაძლებელი გახადოს ცესკოს თავმჯდომარის ერთპიროვნულად 5 წლით არჩევა.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტები დაჩქარებული წესით და დახურულ კარს მიღმა მომზადდა, რაც გამორიცხავს საზოგადოების ყოველგვარ ჩართულობას.
ეს პროცესები მიუთითებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არცერთ დამოუკიდებელ ინსტიტუტს არ დატოვებს თავდასხმის გარეშე. შემდეგი კი ომბუდსმენის აპარატი შეიძლება იყოს.
სწორედ ამიტომ, პარტია „დროა“ მივესალმებით პრეზიდენტის განცხადებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ და მოვუწოდებთ დაადოს ვეტო კანონში შესატან ამ და დანარჩენ ორ ცვლილებას. მიუხედავად იმისა, რომ ვეტოს დაძლევა შესაძლებელია, მსგავსი პოლიტიკური სვლა მკაფიოს გახდის, რომ ერთ მხარეს დარჩენილია „ოცნება“ ხოლო მეორე მხარეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი.
არ უნდა დავუშვათ, ამ პროცესმა შეუმჩნევლად ჩაიაროს, ამიტომ ჩვენ, „დროა“, აუცილებლად შევხვდებით საერთაშორისო პარტნიორებს, რათა კარგად დავანახოთ, რამხელა ნაბიჯები გადაიდგა უკან იმ პროცესში, რომელშიც ამხელა რესურსი და ძალისხმევა ჩადეს, “- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.