ინსპექტორის სამსახურის შესახებ | რას ითვალისწინებს „ოცნების" პროექტი და რატომ აკრიტიკებენ მას

პუბლიკა

„ქართული ოცნებამ” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი დაარეგისტრირა, რის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და იქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ენიჭება სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს − პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქცია და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია.

კანონპროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ახლაშექმნილ საგამოძიებო სამსახურს გაეზრდება საგამოძიებო ქვემდებარობა და სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ამჟამად გამოსაძიებელ დანაშაულების გარდა, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვა შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილებაც მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი დანაშაულები მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის გარდა, ასევე პროკურორის გარდა, სხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ არის ჩადენილი.

პროექტში აღნიშნულია, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოსაძიებელ საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას, აგრეთვე სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს და სახელმწიფო ბრალდებას მხარს უჭერს საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უშუალოდ საქართველოს გენერალურ პროკურორს ექვემდებარება.

პროექტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა უნდა გაუქმდეს 2022 წლის 1 მარტიდან.  1 მარტიდან თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ სახელმწიფო ინსპექტორი, მის პირველი მოადგილე და მოადგილეები. 2022 წლის 1 მარტიდან უნდა შეწყდეს შრომითი ურთიერთობები და სამსახურიდან გათავისუფლდნენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სხვა თანამშრომლები.

პროექტით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიზანია, განახორციელოს შემდეგ დანაშაულთა მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება თუ იგი ჩადენილია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, აგრეთვე მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ.

ეს დანაშაულებია: წამება, წამების მუქარა, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ძალადობით ან იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით; დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება, ქრთამის აღება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

ასევე, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, აგრეთვე მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაული, რომელმაც გამოიწვია პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში ანდა ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ;

პროექტი ასევე მოიცავს სხვა დანაშაულებების მუხლებს, რაც აღნიშნული სამსახურის ქვემდებარეობაში მოექცება თუ იგი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ (გარდა პროკურორისა) და გარდა მოხელისა ან მასთან გათანაბრებული პირისა.

რატომ აკრიტიკებენ „ოცნების” ინიციატივას

საქართველოში მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნულ ინიციატივაზე უკიდურესი შეშფოთება გამოთქვეს და ის კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ დაგეგმილ თავდასხმად, ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ნდობის რღვევად შეაფასეს.

„სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. წლების განმავლობაში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მექანიზმის არარსებობამ, ხელი შეუწყო სამართალდამცავ სისტემაში უფლებამოსილების გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის ფართოდ გავრცელებას. სწორედ ამ სისტემური ხარვეზების გამოსწორების მიზნით, ჯერ კიდევ 2015 წელს, სამოქალაქო საზოგადოებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას, საგამოძიებო და სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქციით.

ამ გამოწვევების ფონზე, 2018 წლის 21 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“, რომლის მიხედვითაც, ინსპექტორს მხოლოდ გამოძიების წარმოების უფლება მიეცა და მასზე საპროცესო ზედამხედველობის უფლება საქართველოს პროკურატურამ სრულად შეინარჩუნა. თუმცა, კანონის ამოქმედება პარლამენტმა ზედიზედ ოთხჯერ გადადო და საბოლოოდ, ინსპექტორის სამსახური 2019 წლის 1 ნოემბრიდან მოქმედებს.

ამოქმედებიდან ორი წლის თავზე, სამსახურის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას დადებითად აფასებენ როგორც არასამთავრობო სექტორი, ასევე საერთაშორისო პარტნიორები. საქმიანობის ფარგლებში, ამ დრომდე, ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურმა 5523 შეტყობინება მიიღო, ხოლო 8 სამართალდამცავის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. სამსახური, სწრაფად და ეფექტიანად გაუმკლავდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტებსაც, რის თაობაზეც უწყებაში გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის პროცესში, არასამთავრობო სექტორი მიიჩნევდა, რომ გამოძიების და ინფორმაციის დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქციების ერთ უწყებაში მოქცევა, შესაძლოა, ეფექტიანი არ ყოფილიყო. თუმცა, ინსტიტუტზე დაკვირვებამ ნათლად აჩვენა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და საგამოძიებო ფუნქციების თავსებადობის კუთხით პრაქტიკაში ხარვეზი არ გამოვლენილა.

ამადროულად, დღეს არსებული საჭიროება, რაც ცალსახად იკვეთება და რაზეც მიუთითებენ სამოქალაქო ორგანიზაციები თუ საერთაშორისო აქტორები, არის სამსახურის შემდგომი გაძლიერებაა. კერძოდ, უწყებისთვის მეტი დამოუკიდებლობის მინიჭება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, აგრეთვე მისი კომპეტენციის გაზრდა და გავრცელება დანაშაულთა/თანამდებობის პირთა უფრო ფართო წრეზე…

ამასთანავე, ინსპექტორი, საქართველოს პარლამენტისადმი წარდგენილ წლიურ ანგარიშებში პერმანენტულად მიუთითებდა იმ საკანონმდებლო ხარვეზებზე, რომელთა გამოსწორებაც აუცილებელი იყო ინსტიტუტის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. ამ მიზნით, მან ვრცელი საკანონმდებლო წინადადებითაც მიმართა საქართველოს პარლამენტს, სწორედ მმართველი პარტიის მიერ დაანონსებულ ცვლილებებამდე რამდენიმე საათით ადრე.

მსგავსი მნიშვნელობის და საჯარო ინტერესის მქონე საკითხზე კანონპროექტის აბსოლუტურად დახურულად მომზადება, ისე რომ მის შემუშავების პროცესში ჩართულები არ იყვნენ არც უშუალოდ სამსახურის წარმომადგენლები, არც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და არც სხვა დაინტერესებული მხარეები, უკიდურესად პრობლემურია და წარმოადგენს საკანონმდებლო თვითნებობას. ამავდროულად, კანონპროექტის განხილვის დაჩქარებული წესით ინიცირება ცხადყოფს, რომ ხელისუფლების მიზანი არა საკითხის ირგვლივ სიღრმისეული პროფესიული მსჯელობაა, არამედ დამოუკიდებელ ინსტიტუტზე გავლენის მოპოვებაა”, – წერია განცხადებაში.