„დროას“ რამდენიმე წევრი ამ დრომდე იზოლატორში რჩება

პუბლიკა

პარტია „დროა“ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დაკავებული წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დროას“ წევრები გუშინ, 6 მარტს, კანცელარიის წინ პროტესტის გამო ორჯერ დააკავეს და მათი სასამართლო პროცესები ჯერ არ ჩანიშნულა.

„კანცელარიის წინ, პროტესტის ნიშნად, რუსული კეტჩუპის დასხმის გამო 2-ჯერ დააკავეს პარტია „დროას“ წევრები და აქტივისტები.

[6 მარტს] 16:00 საათზე, მთავრობის კანცელარიის წინ, გამართული ბრიფინგის დროს დააკავეს პარტია „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია, აღმასრულებელი მდივანი გიგა ლემონჯავა და პოლიტიკური საბჭოს წევრი შუშანა მაცაბერიძე.

ბრიფინგი შეეხებოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაკეთებულ განმარტებას და რუსეთში საქართველოდან 15 პროდუქტის ექსპორტს.

სამივე დაკავებული 2-3 საათში გამოუშვეს, რის მერეც, ისინი ისევ დაბრუნდნენ კანცელარიასთან, განცხადების გასაკეთებლად.

ისევ პროტესტის გამო, მეორედ დაიჭირეს შუშანა მაცაბერიძე. მისი დაკავების დროს მომხდარი დაპირისპირებისას, კი კიდევ ერთხელ დააკავეს ელენე ხოშტარია. მასთან ერთად, „დროას“ წევრი ნათია ლეთოდიანი, და კიდევ 2 აქტივისტი: ანა ქართლელიშვილი, გიორგი ტალახაძე.

ელენე ხოშტარია მეორედ დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს, ხოლო შუშანა მაცაბერიძე და ნათია ლეთოდიანი საგარეჯოში არსებულ იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩებიან. საქალაქო სასამართლოში პროცესები ჯერ არ ჩანიშნულა“, – ნათქვამია განცხადებაში.