ბრძოლის ეს ეტაპი არ არის ხელისუფლებაში მოსვლისთვის, ესაა ევროპაში შესვლისთვის - მელია

პუბლიკა

„ბრძოლის ეს ეტაპი არ გულისხმობს ხელისუფლებაში მოსვლას, ბრძოლის ეს ეტაპი გულისხმობს ევროპაში შესვლას”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გადაცემა „რეაქციაში” განაცხადა.

მისი თქმით, ეს ეტაპი „ევროპული ღირებულებების, ანუ იგივე ეროვნული ღირებულებებისა და ფასეულობების დაცვისთვის ბრძოლაა”.

„ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ განსაკუთრებით პოლიტიკოსებმა, განსაკუთრებით დიდი, მთავარი მეინსტრიმული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა, ლიდერებმა, პატივი უნდა ვცეთ აი ამ ზღვა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც გუშინ გამოვიდნენ რის გამო? რომ მუხტი სწორად, ემოციური, წრფელი, ბრაზით გაჟღენთილი მუხტი სწორად მიემართოთ დამანგრეველი ელემენტების დასამარცხებლად და ქვეყნის განსავითარებლად.

მე მიხარია, რომ გუშინ ფსიქოლოგიური ბარიერი ჩვენ ყველამ გადავლახეთ და იქ კოალიციური მთავრობის ამომრჩეველი დადგა ერთად”, – განაცხადა მელიამ.

როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური პარტიების ბრძოლის დრო დადგება სხვა ეტაპზე, როდესაც ერთმანეთს შეეჯიბრებიან პროგრამებით, დებატებში. თუმცა, ახლა, როგორც მელიამ თქვა, „რა დროს პოლიტიკური არჩევნებია, დღეს გადარჩენისთვის ვიბრძვით”.

„თუ რამე არასწორად შეიძლება გავაკეთო მე, როგორც პოლიტიკოსმა, არის ის, რომ დავტოვო განცდა, რომ მაინტერესებს ვიწროპარტიული ინტერესი. არადა, რაში უნდა მაინტერესებდეს ახლა?! მე მაინტერესებს, რომ მთავარი, ეგზისტენციალური საკითხი გადაიჭრას – რომ ქვეყანაში იყოს შესაძლებლობა, ტარდებოდეს არჩევნები. სადაც კი ბატონო. ფრთები უნდა შეისხას ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და ჯანსაღ, კონკურენტულ გარემოში საზოგადოებას დავუმტკიცოთ, ვინ უფრო არის ღირებული”, – განაცხადა მელიამ.


„შინ ევროპისკენ“ – 20 ივნისს თბილისში ათი ათასობით მოქალაქე შეიკრიბა საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად. აქცია, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით მოეწყო, 20:00 საათზე დაიწყო, ბოლოს კი ევროპის მოედნისკენ მსვლელობით დასრულდა.