დროშის შემქმნელი პრეზიდენტისთვის დროშის აწევის აკრძალვას პუტინიც ვერ მოიფიქრებდა - სააკაშვილი ბრეგაძეს

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მიმართავს.

როგორც წერილში მიხეილ სააკაშვილი წერს,  გუშინ, ბადრაგის თანამშრომლები ხელს უშლიდნენ ფურცელზე დახატული საქართველოს დროშის გამოფენაში.

„ცდილობდნენ დროშის ხელიდან გამოგლეჯას. პუტინის საქმეს რომ აკეთებთ, ეგ დიდი ხანია ვიცი. მაგრამ, დროშის შემქმნელი პრეზიდენტისთვის დროშის აწევის აკრძალვას პუტინიც ვერ მოიფიქრებდა.

ტყუილად კი არ თქვა დღეს ლავროვმა, რომ ქართველებს უკვე აღარ უნდათ ნატო-ში შესვლა. აქამდე ვერასდროს ბედავდნენ ამის თქმას.

ოფიციალურად ვაპროტესტებ თქვენი და თქვენი თანამშრომლების მოღალატეობრივ საქციელს და გაფრთხილებთ, რომ აუცილებლად აგებთ ამაზე პასუხს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.


გუშინ რუსთაველის გამზირზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციაზე  პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მასობრივი შიმშილობის საპროტესტო აქცია დააანონსა. დღეს პარტიის ოფისთან 9 კარავია გაშლილი და ნიკა მელიას თქმით, 300-მდე ადამიანი შიმშილობს, მათ შორის, პარტიის ლიდერები – ნიკა მელია, გიორგი ბარამიძე, აკაკი მინაშვილი, გიორგი ბოტკოველი.