დროულად გამოკვეთეთ დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირები - საია მანაგაძეზე თავდასხმაზე

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ წევრ ნიკო მანაგაძეზე თავდასხმას და აღნიშნავს, რომ რუსული კანონის ინიციირებიდან დღემდე თითქმის ყოველდღიურობად იქცა კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტების და სტუდენტების განსხვავებული აზრის გამო დევნა და ფიზიკური ანგარიშსწორება.

„აქტივისტების წინააღმდეგ წარსულში ჩადენილ დანაშაულებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არაეფექტიანი რეაგირება ახალისებს მოძალადე ჯგუფების მიერ ჩადენილ დანაშაულებს.

იმის გათვალისწინებით, რომ ნიკო მანაგაძეზე თავდასხმა მოხდა საჯარო სივრცეში, ფაქტს შეესწრო არაერთი მოწმე, ადგილზე კი განთავსებულია ვიდეო კამერები, ვიმედოვნებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამჯერად მაინც მოახდენს შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

საია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს:

  • ჯეროვნად განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილება, სწორი კვალიფიკაციითა და მიმდინარე ეფექტიანი გამოძიებით დროულად გამოკვეთონ დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირები;
  • მიიღონ 8 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაანონსებულ აქციაზე ძალადობისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებების დარღვევის პრევენციისთვის ადეკვატური ზომები.

ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას:

  • დაიცვას სტუდენტების მშვიდობიანი შეკრების უფლება, მიიღოს ზომები მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება მოახდინოს სტუდენტების უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ წევრს, ნიკო მანაგაძეს თსუ-თან თავს დაესხნენ.

როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, მაგდა მემანიშვილი ამბობს, მანაგაძეს თსუ-ს პირველ კორპუსთან ოთხამდე უცნობი პირი სასტიკად გაუსწორდა.