დროულად შეიქმნას ხედვა და გრაფიკი კერძო ბაღების ფუნქციონირების აღსადგენად - პეტიცია

პუბლიკა

დროულად შეიქმნას ხედვა, რეკომენდაციები და გრაფიკი კერძო ბაღების ფუნქციონირების აღსადგენად! – კერძო ბაღებისა და მშობლების საინიციატივო ჯგუფი პეტიციას ავრცელებს.

პეტიციის ადრესატები არიან საქართველოს მთავრობა, თბილისის მერია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

საქართველოში არსებული კერძო ბაღების წარმომადგენლები და მათი აღსაზრდელების მშობლები პეტიციაში აღნიშნავენ, რომ ბაღი  არის ადგილი, სადაც საგანმანათლებლო პერსონალი ზრუნავს  ბავშვების სოციალიზაციასა და ემოციურ კეთილდღეობაზე, მათ მრავალმხრივ განვითარებაზე. სამწუხაროდ, შექმნილი ვითარების გამო ბავშვები, მათ შორის ისინიც, ვინც ამ გარემოს  კრიტიკულად საჭიროებენ დარჩენილი არიან ბაღის გარეშე.

„ქვეყნაში იხსნება სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები და ყველა სექტორი, მათ შორის ხალხმრავალი დაწესებულებებიც აახლებენ მუშაობას. ამ ფონზე ისევ დახურული რჩება სკოლამდელი განათლების დაწესებულებები.

მიუხედავად ასეთი მნიშვნელობისა, ბავშვების სრულფასოვანი განვითარებისა და ეკონომიკის ამუშავებისათვის, სამწუხაროდ, ამ სექტორზე არავინ საუბრობს. მეტიც, შეკითხვების მიუხედავად, პასუხებს არავინ იძლევა, არის სრული იგნორირება, რაც ამ რთულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ყველასთვის.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ საკითხის მნიშვნელოვნება ბავშვებისათვის, მშობლებისათვის და ამ სექტორში დასაქმებული ათასობით ადამიანისათვის და სპეციალისტების მონაწილეობით რაც შეიძლება მოკლე დროში შეიქმნას ხედვა, რეკომენდაციები  და გრაფიკი ფუნქციონირების აღსადგენად”, – ნათქვამია პეტიციაში.