დუბლინში ბავშვებზე ცივი იარაღით თავდასხმას ძალადობრივი პროტესტი მოჰყვა

პუბლიკა

ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში დანით ხუთი ადამიანის, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრას ულტრამემარჯვენე ძალების ძალადობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

დუბლინში შემთხვევა 23 ნოემბერს ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ სკოლასთან მოხდა, კაცმა სამი ბავშვი და მათი თანმხლები ქალი დაჭრა. დაზიანებები თავადაც მიიღო. 5 წლის ბავშვს და 30 წლის ქალს მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ. 50 წლის კაცი და ორი ბავშვი შედარებით მსუბუქი დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში.

თავდამსხმელი გამვლელებმა ადგილზევე დააკავეს. მის ვინაობასა და დანაშაულის მოტივს პოლიცია არ ამხელს. მათი განცხადებით, ისინი არ ეძებენ სხვა დამნაშავეებს და მიყვებიან გამოძიების კონკრეტულ მიმართულებას. ამასთან, ვერ ხედავენ კავშირებს „ტერორისტულ აქტივობასთან“.

მოგვიანებით დანაშაულის ადგილთან ახლოს პროტესტის მონაწილეები გამოვიდნენ. ოფიცრები მათ სპეცრაზმის ფარებითა და ხელკეტებით უპირისპირდებოდნენ. პროტესტის მონაწილეების განცხადებით, ისინი ქუჩებში გამოვიდნენ, რადგან მედია არ აწვდიდათ რეალურ ინფორმაციას იმიგრანტების შესახებ.

ირლანდიის პოლიციის უფროსის, დრიუ ჰარისის განცხადებით, ქუჩაში გამოსულ ადამიანებს „ულტრამემარჯვენე იდეოლოგია“ ამოძრავებდათ და განვითარებული მოვლენები „სამარცხვინო“ იყო.

„ჩვენ ვთხოვთ საზოგადოებას, იმოქმედონ პასუხისმგებლობით და არ მოუსმინონ დეზინფორმაციასა და ჭორებს, რომლებიც სოციალურ მედიაში ვრცელდება“, – განაცხადა ჰარისმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ირლანდიის პრემიერ-მინისტრის ლეო ვარადკარის განცხადებით, პროტესტში დაახლოებით 500 ადამიანი მონაწილეობდა.

„გუშინ ჩვენ განვიცადეთ ორი საშინელი თავდასხმა – პირველი იყო თავდასხმა უდანაშაულო ბავშვებზე, მეორე იყო თავდასხმა ჩვენს საზოგადოებაზე და კანონის უზენაესობაზე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პროტესტის მონაწილეებმა გაანადგურეს 11 პოლიციის მანქანა, დააზიანეს 13 მაღაზია, ავტობუსები და ტროლეიბუსი, გამოიყენეს ასაფეთქებლები და ფეიერვერკები.

პროტესტის დროს დააკავეს 34 ადამიანი. პრემიერ მინისტრის, განცხადებით, ძალადობრივ არეულობაში მონაწილე პირების წინააღმდეგ კანონს სრული სიმკაცრით გამოიყენებენ.