დუშეთში მიუსაფარი ძაღლების დახოცვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დუშეთში ძაღლების დახოცვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

ცხოველთა დამცველები ამბობენ, რომ დუშეთში ერთ-ერთმა მოქალაქემ მას შემდეგ, რაც მის შვილს პიროტექნიკის გამოყენებისას მიუსაფარმა ძაღლმა უკბინა, რამდენიმე ძაღლი მოწამლა. ცხოველთა დამცველების თქმით, 3 მიუსაფარი ძაღლი, ერთნაირი სიმპტომებით, სავარაუდოდ, მოწამვლის შედეგად მოკვდა.

დუშეთში მომხდარი ფაქტის გამო, ცხოველთა დამცველები 16 თებერვალს გენერალური პროკურატურის წინ აქციასაც გეგმავენ. ისინი მოითხოვენ, რომ ფაქტი გამოიძიონ და დამნაშავე დაისაჯოს.

ცხოველთა დამცველები დღეს დუშეთის მერსაც უნდა შეხვდნენ. ისინი ასევე მოითხოვენ, რომ დადგეს მერიის ერთ-ერთი თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი. ცხოველთა დამცველებმა გაავრცელეს სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც მერიის თანამშრომელი მოქალაქეს ძაღლების მოწამვლის გამო ამართლებს.

ამ ფაქტის შესახებ განცხადება გაავრცელა დუშეთის მერიამ. მერიის განცხადებით, მათი თანამშრომლის დამოკიდებულება მიუღებელია, თუმცა თავადაც იაზრებს შეცდომას. ასევე მერიის განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

„მიუხედავად იმისა, რომ ვითვალისწინებთ მომხდარი შემთხვევის გამო არსებულ მძიმე ემოციურ ფონს და უმძიმეს ფაქტს, რაც გამოიხატებოდა ცხოველის მიერ რამდენიმე ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის დაკბენაში, ჩვენთვის მის მიერ გამოხატული პოზიცია არის მიუღებელი და კატეგორიულად ვგმობთ ცხოველთა მიმართ მსგავს დამოკიდებულებას. თავის მხრივ, მასაც გათვითცნობიერებული აქვს საკუთარი შეცდომა.

რაც შეეხება ზოგადად თემას, სამწუხაროდ, დღეს მიუსაფარი ცხოველების პრობლემა არის მნიშვნელოვანი გამოწვევა თითქმის ყველა მუნიციპალიტეტისათვის და ვადასტურებთ, რომ ამ დრომდე არის გარკვეულწილად ჩიხური სიტუაცია. ერთი მხრივ, მიუსაფარი ცხოველები წარმოადგენენ გარკვეულ საფრთხეს მოსახლეობისთვის, ხოლო მეორე მხრივ აუცილებელია, რომ დაცული იყოს ცხოველთა უფლებები.

მისასალმებელია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ამ საკითხზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. იმედი გვაქვს, რომ პარლამენტისა და თვითმმართველობების მუშაობა ეტაპობრივად სასურველ შედეგს გამოიღებს“, – აცხადებს დუშეთის მერია.