დვალი: რუსეთში ომის მხარდამჭერ სამეცნიერო ორგანიზაციებთან საქართველომ საქმიანობა უნდა შეწყვიტოს

პუბლიკა

მეცნიერმა, გია დვალმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ბირთვულ შანტაჟზე და რუსეთის სამეცნიერო, საუნივერსიტეტო წრეებში იმ პირთა შესახებ ისაუბრა, რომლებმაც უკრაინის წინააღმდეგ ომს მხარი დაუჭირეს.

მისი თქმით, საქართველოს სამეცნიერო ინსტიტუტებმა და ფონდებმა უნდა შეწყვიტონ ურთიერთობა რუსეთში იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს.

მისი თქმით, ბირთვული მუქარის გაჟღერება სერიოზულია და ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს მუქარა დასავლეთმაც სერიოზულად აღიქვა.

„სიტუაციას ართულებს ის, რომ რუსეთში შეიქმნა მმართველობის სისტემა, რომელიც ფაქტობრივად არის მთლიანად მაამებლობაზე დაფუძნებული. მეცნიერების ერთმა ჯგუფმა თავიდანვე დაგმეს ეს ომი, ამის საპასუხოდ რამდენიმე დღის წინ, გამოქვეყნდა ოფიციალური წერილი, რომელსაც ხელს რუსეთის თითქმის ყველა რექტორი აწერს, ეს შოკისმომგვრელი წერილია. ეს ფაქტობრივად უპირობო მხარდაჭერაა ამ ომის და ამ დანაშაულის.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი? ეს გვიქმნის სურათს, თუ რა დონის ფსევდომეცნიერები შეიძლება ჰყავდეს პუტინს გარშემო. აქ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ და შიშისმომგვრელია იმის წარმოდგენა, რა ტიპის კონსულტაციებს შეიძლება უწევდეს ეს ხალხი პრეზიდენტს მოსალოდნელ ბირთვულ საფრთხეებზე.

სხვათა შორის, ხომ ცნობილია, რომ აშენებენ ქალაქს, ბუნკერიც არ ჰქვია, რომელიც აპოკალიფსურ გადარჩენაზეა გათვლილი, რომ რამდენიმე ასეულობით ათასობით ადამიანმა გამოიზამთროს ბირთვული ზამთარი.

ჯერ ერთი – ამის გათვლა, რომ ასე თავის გადარჩენა შესაძლებელია, შეუძლებელია. დღეს ჩვენ არ გვაქვს სრული მეცნიერული საშუალებები, გავთვალოთ, რა შედეგები ექნება სრულმასშტაბიან ბირთვულ ომს. რაც შეგვიძლია გავთვალოთ ეს უკვე იმდენად კატასტროფულია… წარმოიდგინეთ, რომ იმის იქით იქნება ახალი ფაქტორები და დღეს ჩვენ არ შეგვიძლია გავთვალოთ ის ახალი უბედურება, რომელიც ამის შემდეგ გამოჩნდება – ბირთვული ძალის, რადიაციის, მუტაციისა და ახალი უბედურების გამო.

ნებისმიერი მრჩეველი, რომელიც ეუბნება ამ ადამიანს, თუ ჯგუფს ადამიანებისა, რომ მათ მართლა შეუძლიათ გამოიზამთრონ ეს ბირთვული ზამთარი, დანარჩენი მსოფლიო გაანადგურონ და რამდენიმე ასი ათასმა დაუდოს ახალ რუსეთს თუ სლავურ ცივილიზაციას სათავე, ეს არის აბსურდი, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ასეთი აბსურდის დონეზე ხდება ეს კონსულტაციები. რასაც გარედან ვუყურებთ, ასეთ უპასუხისმგებლო ხელში არ ყოფილა ბირთვული იარაღი ისტორიის მანძილზე“, – ამბობს გია დვალი.

 

დვალი: განცხადებები, რომელიც მთავრობამ გააკეთა, ცალსახად ჩანს, როგორც რუსეთის მხარდაჭერა

მისი თქმით, რუსეთში მეცნიერების ნაწილმა დაგმო უკრაინის წინააღმდეგ ომი, თუმცა არიან ისეთები, რომლებმაც საჯარო განცხადებებით გაამართლეს ეს ომი. დვალი ამბობს, რომ ასეთ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა შეუძლებელია და საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულმა სამეცნიერო და საუნივერსიტეტო ორგანიზაციებმა უნდა დაუწესონ სანქცია მსგავს მეცნიერულ ფონდებსა და ორგანიზაციებს რუსეთში.

 „ერთი მხრივ, არიან კოლეგები რუსეთიდან, რომლებმაც გმირობა გამოიჩინეს, დაგმეს ეს და ახლა არიან საფრთხის ქვეშ. ასეთ ხალხს სოლიდარობას ვუცხადებთ და ვცდილობთ, პერსონალურ დონეზე დავეხმაროთ.

მაგრამ ამავე დროს ინსტიტუციურ დონეზე არსებობენ ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც ომის მხარდამჭერ წერილებს უერთდებიან, აქ გამოსავალი დასავლურ საზოგადოებას არ აქვს, ერთადერთი გამოსავალია, რომ ყველა რუსულ სამეცნიერო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა წყდება, ეს პროცესი ყველგან მიდის.

ცალსახად სხვა გამოსავალი არ არის, შეუძლებელია, გააგრძელო თანამშრომლობა ინსტიტუციასთან, რომელიც ამართლებს დანაშაულს კაცობრიობის წინაშე. საქართველოს მორალურად და ეთიკურად აქვს ბერკეტები და ეს სწორი ნაბიჯი იქნება, რომ ასეთი ტიპის სანქციები დააწესოს, სანქცია დააწესოს. მაგალითად, რუსთაველის ფონდმა, მეცნიერებათა აკადემიამ სანქციები დაუწესონ იმ ინსტიტუციებს, რომლებიც არიან სახელმწიფო ინსტიტუციები, რომლებიც ასეთ რამეებს ამართლებენ. წარმოიდგინეთ რამხელა დილემის წინაშე დგებით, როცა ხართ კოლაბორაციის წევრი და ამ კოლაბორაციაში შემოდის ინსტიტუცია, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი ამ წერილზე, რომელიც ფაქტობრივად ამართლებს ენით აღუწერელ კატასტროფას“, – ამბობს გია დვალი.