დვალმა და აქიმიძემ „რუსთავი 2-ის" საქმეზე დამატებითი საჩივარი შეიტანეს

პუბლიკა

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლებმა დღეს საქალაქო სასამართლოში დამატებითი სარჩელი შეიტანეს. სარჩელი „რუსთავი 2-ის“ გასხვისების აკრძალვაზე სასამართლოს უარს ეხება.

„მივმართეთ საქალაქო სასამართლოს, მოვითხოვეთ ქონების გასხვისების აკრძალვა და გარკვეული უფლებამოსილებების აკრძალვა დირექტორისთვის. საზოგადოებას შევახსენებ, რომ  2019 წელს ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სახელით სარჩელით და ვითხოვთ დანაშაულებრივად წართმეული ქონების დაბრუნებას.

სარჩელის შეტანის შემდეგ დღემდე გასულია 1 წელზე მეტი და სასამართლოს არცერთი სხდომა არ ჩაუტარებია, მაშინ, როცა ხალვაშმა შეიტანა სარჩელი 2015 წელს, 3 თვეში უკვე გადაწყვეტილებაც მიიღეს ხალვაშის სასარგებლოდ. ეს არის პირდაპირი მითითება იმაზე, როგორ უსამართლოდ იქცევა სასამართლო – ხალვაში თუ შეიტანს სარჩელს, რადგან პროსახელისუფლებო პირი იყო, მის სასარგებლოდ სასამართლომ სასწრაფოდ გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო თუ თავისუფალი, დამოუკიდებელი ადამიანები შეიტანენ სარჩელს, მაგ შემთხვევაში სასამართლოს უბრალოდ სძინავს. ერთ წელზე მეტი  გავიდა და არცერთი პროცესი არ ჩატარებულა“, – აცხადებს ადვოკატი კახა კოჟორიძე.

ჯარჯი აქიმიძე კი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ მათ „რუსთავი 2“ არ დაუბრუნდეს და დღესაც დარჩეს „პროსახელისუფლებო“ ტელევიზიად.

„2003 წელს ჩვენ წაგვართვა ტელევიზია მაშინ მოსულმა ხელისუფლებამ. ახლა დღეს ეს ტელევიზია არის მეორე ხელისუფლების სამსახურში, ანუ გამოდის, რომ ის, რაც ჩვენ შევქმნით იყო თავისუფალი და წაგვართვეს, იმიტომ, რომ ეს არ უნდოდათ და ის სჭირდებოდათ როგორც იარაღი. ერთმა ხელისუფლებამაც გამოიყენა როგორც იარაღი და ახლა მეორე ხელისუფლებაც იყენებს, როგორც პოლიტიკურ იარაღს. ჩვენ გვინდა რომ დავასრულოთ ეს პროცესი“, – აცხადებს ჯარჯი აქიმიძე.

2020 წლის იანვარში სასამართლოში დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელი პაატა კარსანიძისა და ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ ისევ შეიტანეს. სასამართლომ საქმე  წარმოებაში მიიღო და „რუსთავი 2-ის“ 60%-ს ყადაღა დაედო.

კერძოდ,  საუბარია ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელზე, ქიბარ ხალვაშისა და პაატა კარსანიძის მიმართ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრში წილის რეგისტრაციის გაუქმებისა და შპს-ს წილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის შესახებ.

ეს ის სარჩელია, რომელიც კახა კოჟორიძემ დვალი-აქიმიძის სახელით ერთხელ უკვე შეიტანა სასამართლოში, თუმცა პირველ ჯერზე მოსამართლემ ის განუხილველად დატოვა. ამ საქმეზე განცხადება სასამართლომ 17 იანვარს გაავრცელა. ამის შემდეგ კახა კოჟორიძის თქმით, მათ სარჩელი ხელმეორედ შეიტანეს სასამართლოში.