ძალადობა, არსებული პოლარიზაციის ფონზე, კიდევ უფრო დაუშვებელია - ზურაბიშვილი სანაიას საქმეზე

პუბლიკა

„კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმას. მან განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ძალადობა, არსებული დაპირისპირებისა და პოლარიზაციის ფონზე კიდევ უფრო დაუშვებელია და მას არანაირი გამართლება არ აქვს! მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა!“, – წერს ზურაბიშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.


დღეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ტელეწამყვანს, ვახო სანაიას თავს დაეხნენ. ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი.

ვახო სანაიამ ექსპერტიზის ბიუროს დატოვების შემდეგ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ თავდასხმის დეტალებზე ისაუბრა.

მისი თქმით, სამივე თავდამსხმელი, სავარაუდოდ, ნასვამი იყო. მათ ვახო სანაია ამოიცნეს, როცა მან ჩამოიწია პირბადე, აგრესიის მიზეზი კი მისი პროფესიული საქმიანობა იყო, რადგან თავდამსხმელები იგინებოდნენ კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მისამართით.