ძალადობა კიდევ უფრო ამაზრზენი დანაშაულია, თუ ის ოჯახის და ბავშვის თვალწინ ხდება - კალაძე სანაიას საქმეზე

პუბლიკა

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელ Facebook-ის პირდაპირ ეთერში ტელეწამყვან ვახო სანაიაზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ძალადობა დანაშაულია და მოძალადე დაუსჯელი არ დარჩება.

„ძალადობა არის დანაშაული და კიდევ უფრო ამაზრზენია ეს დანაშაული, თუ ის ოჯახის და ბავშვის თვალწინ ხდება. ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ის ღირებულებები, რაზეც დგას დემოკრატიული ქვეყანა, მიუღებელია ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა. ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ ბევრ თემაზე, მაგრამ კამათს არ ექვემდებარება ის ფაქტი, რომ ძალადობა, აგრესია, ფიზიკური შეურაცხყოფა არის მიუღებელი.

მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული რეაგირებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.


დღეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ტელეწამყვანს, ვახო სანაიას თავს დაეხნენ. ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი.

ვახო სანაიამ ექსპერტიზის ბიუროს დატოვების შემდეგ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ თავდასხმის დეტალებზე ისაუბრა.

მისი თქმით, სამივე თავდამსხმელი, სავარაუდოდ, ნასვამი იყო. მათ ვახო სანაია ამოიცნეს, როცა მან ჩამოიწია პირბადე, აგრესიის მიზეზი კი მისი პროფესიული საქმიანობა იყო, რადგან თავდამსხმელები იგინებოდნენ კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მისამართით.