ძალადობა მიუღებელია, მაგრამ არ შეიძლება ადამიანი ლანძღავდეს გმირ მეფეებს - კობახიძე ბერძენიშვილზე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა. კობახიძის თქმით ძალადობა მიუღებელია, მაგრამ მისი თქმით, მიუღებელია ისიც, რომ ბერძენიშვილი „ლანძღავდეს ჩვენს გმირ მეფეებს“.

კობახიძის მტკიცებით, საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც უპირისპირდებიან „ჩვენს ეროვნულ იდენტობას“ და ეს აღვივებს საზოგადოებაში პოლარიზაციას.

„თუ საქმე გვაქვს ძალადობასთან, რა თქმა უნდა, ძალადობა არის მიუღებელი. ერთი რამ მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ არიან საქართველოში ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ პოლარიზაციისთვის, რადიკალიზმის გაღვივებისთვის, აგრესიისთვის დათესვისთვის და ასევე უპირისპირდებიან ყველაფერს, რაც უკავშირდება ჩვენს ეროვნულ იდენტობას. პირდაპირ ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს, პირდაპირ არიან ჩართული მიუღებელ აგიტაციაში, ებრძვიან ჩვენს 250 წლის წინ გარდაცვლილ მეფეებს, გმირ მეფეებს და ა.შ.

არ შეიძლება ასე საზოგადოებაში შუღლის გაღვივება, ეს არ არის სწორი. რა თქმა უნდა, ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ ასევე ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ ნუ შეუწყობენ ხელს საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას. არ შეიძლება ადამიანი, რომელიც თან პროფესორის სტატუსით სარგებლობს, გამოდიოდეს და ლანძღავდეს ჩვენს გმირ მეფეებს. ერეკლე II გალანაძღა და ა.შ.

ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი. რაც შეეხება შუღლის გაღვივებას, ესეც არის მიუღებელი. იმედი მაქვს, რომ შუღლის გაღვივება აღარ მოხდება მომავალში. პოლარიზაციის გაღვივება, რადიკალიზმის გაღვივება არ მოხდება მომავალში“, – თქვა კობახიძემ.


ლევან ბერძენიშვილის თქმით, დღეს ერთ-ერთმა მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და კვერცხი ესროლა.

„მოქალაქე იყო, რომელმაც დამინახა თუ არა ერეკლე და დედის გინება ერთად მოაყოლა. პროვოკატორი იყო. არ გაჩერდა იმიტომ, რომ მე მანქანისკენ მივდიოდი, არ ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ მოახერხა, გამომიყვანა წყობიდან და ჯიბიდან კვერცხიც დააძრო და ისროლა. ეტყობა, ასე დადიან მოქალაქეები“, – თქვა ბერძენიშვილმა „პუბლიკასთან“.