ძალადობა საფრთხეს უქმნის საქართველოს ადგილს ევროპულ ოჯახში – დასავლელი პარლამენტარები

პუბლიკა

ჟიგიმანტას პავილიონისი, ლიეტუვის სეიმის წევრი, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით იყო ჩამოსული, ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან ერთად ახალ განცხადებას აქვეყნებს.

განცხადებაში, რომელსაც ხელს 8 ქვეყნის წარმომადგენელი აწერს, კიდევ ერთხელ არის გაკრიტიკებული „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე შტურმი და პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება. პოლიტიკოსები აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური კრიზისი ძალადობით ვერ გადაიჭრება და ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მშვიდ კალაპოტში დასაბრუნებლად.

„ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე შტურმმა, მისი თავმჯდომარის, ნიკა მელიას დასაკავებლად, აჩვენა საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლების სიმყიფე.

ძალადობა შეუთავსებელია იმ მისწრაფებასთან, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების შუამავლობით მასსა და ოპოზიციას შორის 2020 წლის 8 მარტს ხელმოწერილი შეთანხმებისას დააფიქსირა.

ჩვენ მოვუწოდებთ ქართველებს, რომ დასხდნენ ერთად და იპოვონ პოლიტიკური გამოსავალი იმ პრობლემებიდან, რომლებიც ბოლო წლებია გაჩნდა. მოვუწოდებთ, ნუ მიმართავენ ისეთ ტაქტიკას, რომელიც გვინახავს სხვებისგან, ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ რომ მოქმედებს.

დესტაბილიზაცია და ანტიდემოკრატიული მოქმედებები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო და გრძელდება დღემდე, ხაზს უსვამს ყველა იმათგანის პირად პასუხისმგებლობას, ვინც ძალაუფლების სათავეშია. მათ თავშეკავებულად უნდა იმოქმედონ და თუ არ მოიქცევიან ასე, ამის შედეგები მთელ ერზე აისახება.

ეჭვი არაა, რომ საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია, მაგრამ თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა და თავდასხმები საფრთხეს უქმნის მას“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები აწერენ:

  • პაველ ფიშერი

ჩეხეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე

  • მარეკ კუჩინსკი

პოლონეთის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;

  • რიჰარდ კოლსი

ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;

  • რობერტ მენენდეზი

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;

  • მარკო მიჰკელსონი

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;

  • ჟიგიმანტას პავილიონისი

ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;

  • ნორბერტ რიოტგენი

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;

  • ტომ ტუგენდატი

დიდი ბრიტანეტის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.