ძალადობაში ბრალდებულ სასულიერი პირს სინანულისთვის საპატრიარქო მონასტერში გაუშვებს

პუბლიკა

ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულ სასულიერო პირს, ლაშა ჩიქოვანს საპატრიარქო სინანულისთვის მონასტერში გაუშვებს. ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრეა ჯაღმაიძემ „პუბლიკას“ დაუდასტურა. მისი თქმით, უახლოს პერიოდში განისაზღვრება რომელ მონასტერში წავა სასულიერო პირი სინანულისთვის და რამდენი ხნით.

გუშინ ყოფილი მეუღლის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალდებულ სასულიერო პირს, ლაშა ჩიქოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.


სასულიერო პირს ნინო გორგოშიძის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის მუხლით წარედგინა, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამ წლამდე.

ნინო გორგოშიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის ყოფილ მეუღლეს – სასულიერო პირს ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც ნინო გორგოშიძე ვიდეოში ამბობს, ყოფილი ქმრის წინააღმდეგ 10-ზე მეტი შემაკავებელი ორდერია გამოწერილი, თუმცა მუქარას ისევ განიცდის და დახმარებას ითხოვს.