ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის დაცვის თანამშრომელმა ბენეფიციარის გაუპატიურება სცადა - პროკურატურა

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ერთ -ერთმა რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში მოთავსებული პირის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 14 ოქტომბერს, ერთ-ერთი ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის დაცვის თანამშრომელმა ვ.დ.-მ, ძალადობის გამოყენებით ბენეფიციარის გაუპატიურება სცადა, “- ამბობენ პროკურატურაში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ვ.დ. 2019 წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურების მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ ვ.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.