ძალადობრივი პლატფორმა „ალტ-ინფო“ „სილქნეტს“ მარეგულირებელში ისევ უჩივის

პუბლიკა

ჰომოფობიური, ულტრამემარჯვენე პლატფორმა „ალტ-ინფო“ კომპანია „სილქნეტს“ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ისევ უჩივის. „სილქნეტი“ ამ დრომდე უარს ამბობს არხის მაუწყებლობის გავრცელებაზე.

როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პრესსამსახურში „პუბლიკას“ განუცხადეს, „ალტ-ინფოს“ საჩივრის დასაშვებობის თაობაზე კომისია 2 სექტემბერს იმსჯელებს.

პლატფორმა „ალტ-ინფომ“ კომპანია „სილქნეტს“ მაუწყებლობის გავრცელების მოთხოვნით მარეგულირებელში 17 ივნისსაც უჩივლა, თუმცა საჩივარი რამდენიმე კვირის შემდეგ უკან თავადვე გამოითხოვა.


5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზება რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო. ძალადობრივი, ჰომოფობიური, ულტრამემარჯვენე ორგანიზაციის, „ალტ-ინფოს“ წევრები საკუთარი არხის ეთერით მაყურებელს დანაშაულის ჩადენისკენ მოუწოდებდნენ, აქეზებენ ძალადობისკენ და 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ ძალადობრივ ჯგუფებში გაწევრების გზებსაც სთავაზობდნენ.

5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შედეგად მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. ამ დრომდე სამართალდამცავ უწყებებს ძალადობის ორგანიზების ბრალდებით არცერთი პირი არ დაუკავებია.

31 აგვისტოს „5 ივლისის საქმეზე“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ „პუბლიკიდან“ გაითხოვა ორი ვიდეომასალა, რომლებშიც „ალტ-ინფოს“ წევრები ფიგურირებენ. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს შემდეგი მუხლებით:

  • სსკ-ის 239-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილი – ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება, რასაც მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი;
  • 225-ე მუხლის მეორე ნაწილი – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
  • 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტი – ადამიანის დევნა ძალადობით ან ძალადობის მუქარით პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.
  • 154-ე მუხლის მე-2 ნაწილი – ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ჩადენილი ძალადობის მუქარით.