ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ კარვები აიღეს

პუბლიკა

ღირსების მარშის წინააღმდეგ შეკრებილმა ჰომოფობიურმა, ძალადობრივმა ჯგუფებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ პოლიტიკური პროტესტის გამო გაშლილი კარვები აიღეს.

ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები მთელი ქალაქის მასშტაბით დილიდან შეიკრიბნენ და დედაქალაქის მთავარ გამზირზე ღირსების მარშის ხელის შესაშლელად გავიდნენ.

ისინი აცხადებენ, რომ აქვთ კონკრეტული პოლიტიკური მოთხოვნები და ანტიდისკრიმინაციულ კანონს ქვეყნის მტრობად აფასებენ.

„მოგვბეზრდა ხალხს ყოველ წელს ამაზე სირბილი, ეს უნდა დარეგულირდეს კანონით. როგორც კი აქ აეწყობა სცენა, გავაჟღერებთ, რა არის ხალხის უმეტესობის მოთხოვნა“, – ამბობს ძალადობრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.

„ამ ქვეყანაში არავის მიეცემა უფლება, რომ ეს ცოდვა თავს მოგვახვიონ“, – აცხადებს დეკანოზი შალვა კეკელია.

პარლამენტის წინ კარვები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არჩევნების შედეგებისა და სხვადასხვა საკითხის, მათ შორის, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გასაპროტესტებლად გაიშალა. სამოქალაქო პროტესტი ოპოზიციის პარლამენტში შესვლის მიუხედავად, ამ დრომდე გრძელდებოდა.

„პუბლიკა“ ემიჯნება ჰომოფობიურ განცხადებებს.


დღეს, 5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებით ღირსების მარშის გამართვაა დაგეგმილი. მათ წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური, მოძალადე ჯგუფები არიან შეკრებილი. პრაიდის წინააღმდეგ არაერთი განცხადება გააკეთა საპატრიარქომაც.