„დასანანია, რომ მიუხედავად არაერთგზის მოწოდებისა ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, ძალიან ცოტა გაკეთდა სახელმწიფოს დონეზე იმისთვის (არ ვამცირებ ცალკეული ორგანიზაციებისა და ინდივიდუალების ინიციატივებს), რომ დაგვერწმუნებინა/გადაგვერწმუნებინა, მინიმუმ, 800 ათასი ჩვენი მოქალაქე, რომელიც ყოყმანობს, აიცრას მხოლოდ იმის გამო, რომ აქვს უპასუხო კითხვები ან დაბნეულია წინააღმდეგობრივი ინფორმაციით, რომლითაც გაჯერებულია საინფორმაციო სივრცე“, – წერს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე.
მისი შეფასებით, როგორც მოსალოდნელი იყო, ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა მკვეთრად მცირდება, მას შემდეგ, რაც მივუახლოვდით აცრის მსურველთა მიჯნას – მილიონ 400 ათას მოქალაქეს.
„ყველაზე უფრო ცუდი ის არის, რომ მნიშვნელოვანწილად ამ დაბნეულობის მიზეზი სწორედ სამედიცინო საზოგადოებაა. ამ საზოგადოების ის წარმომადგენლები, რომლებსაც თავი ჯორდანო ბრუნოებად ან კოპერნიკებად წარმოუდგენიათ. ოღონდ, ის ავიწყდებათ, რომ რწმენას, რომ დედამიწა ბრტყელია და სამყაროს ცენტრშია – ცოტა ვინმე ან საერთოდ არავინ მოუკლავს, განსხვავებით რწმენისგან, რომ ვაქცინას მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე კოვიდს და რომ, თურმე, „ბუნებრივი” იმუნიტეტი სჯობია „ხელოვნურს“. მოკლედ: ოქტომბერში გვექნება ბევრი ვაქცინა, მათ შორის უკვე ვადაგასული და არ გვეყოლება მსურველი“, – წერს ზოიძე.
სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ აცრის მსურველთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, რასაც გუშინდელ ბრიფინგზე „საგანგაშო“ უწოდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
21 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 671 295 აცრა;
სულ მცირე, 1 დოზით ვაქცინირებულია 952 219 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 33.3%;
სრულად ვაქცინირებულია 719 076 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 25.2%
ბოლო 24 საათში აიცრა 15 096 ადამიანი.