ვაქცინაციის ტემპი საგანგაშოა - თამარ გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის ტემპთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა, მისი თქმით, ვაქცინაციის ტემპმა დაიკლო და გუშინ 7000-მდე ადამიანი აიცრა. მისივე თქმით, ვაქცინაციის ტემპის გაასაქტიურებლად ჯანდაცვის სამინისტრომ და NCDC-იმ მუშაობა უნდა გააქტიუროს.

„ვაქცინაციის ტემპი ბოლო დღეების განმავლობაში შემცირდა. გუშინ 24 საათის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ კვირა დღე იყო და შესაძლოა, მეტ მოქალაქეს ჰქონოდა დრო ვაქცინაციისთვის, ეს ასე არ მოხდა, რაც არის ძალიან საგანაგაშო და მიუთითებს იმაზე, რომ ვაქცინაციის პროცესის სტიმულირებაა საჭირო, იქნება ეს საინფორმაციო კამპანიის გაფართოებით, ოჯახის ექიმების მეტი ჩართულობით, თუ რაიმე სხვა გზით, რომ მაქსიმალურად გააქტიურდეს მოცვა. ზოგიერთ რეგიონში კარგია ვაქცინაციის მაჩვენებელი. თბილისი ლიდერობს, 60%-ზე მეტია უკვე თბილისში მოზრდილი მოსახლეობის მოცვა, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით სხვა რეგიონებზე. საყურადღებოა მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში მოცვის მაჩვენებელი. ამ მიმართულებით მომდევნო დღეებში გავააქტიურებთ მუშაობას“. – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

NCDC -ის ინფორმაციით, 20 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 655 040 აცრა. სულ მცირე, 1 დოზით ვაქცინირებულია 947 477 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 33.2%. სრულად ვაქცინირებულია 707 563 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 24.8%. 19 სექტემბერს აიცრა 7 720 ადამიანი.