„ძალიან ცუდია, თუ ასე უყურებთ ქალი დეპუტატების აქტიურობას“ - ხათუნა სამნიძე ღარიბაშვილს

პუბლიკა

მე მინდა დავიწყო თქვენი, სამწუხაროდ, ძალიან სამარცხვინო რეპლიკით, როცა თქვით, რომ „მოგვიქსევენ ქალბატონებს“; ძალიან ცუდია, თუ ასე უყურებთ ქალი დეპუტატების აქტიურობას, – ასე გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშის წარდგენისას პრემიერ-მინისტრის სექსისტური შინაარსის განცხადებას.

როგორც სამნიძემ აღნიშნა, არანაკლებ სამწუხაროა, თუ პრემიერს ასეთივე დამოკიდებულება აქვს თავისივე გუნდის წევრი ქალების მიმართ, რომლებიც არანაკლები კრიტიკით გამოირჩევიან ოპოზიციის მიმართ.

„მე მინდა დავიწყო თქვენი, სამწუხაროდ, ძალიან სამარცხვინო რეპლიკით, როცა თქვით, რომ „მოგვიქსევენ ქალბატონებს“. ძალიან ცუდია, თუ ასე უყურებთ ქალი დეპუტატების აქტიურობას, მათ შორის, კრიტიკულ შეკითხვებსა და ოპონირებას. არავინ არავის არ გიქსევთ და ცუდია, ასევე, თუ თქვენ ასეთივე დამოკიდებულება გაქვთ საკუთარი გუნდის წევრი ქალების მიმართ, რომლებიც არანაკლები კრიტიკით გამოირჩევიან ოპოზიციის მხარეს. ამიტომ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, არ მგონია, რომ სწორი იყოს ასეთი ტიპის რეპლიკები ქალი დეპუტატების მისამართით.

მინდა, გკითხოთ – თქვენ ისაუბრეთ ბევრ პოზიტიურ წინსვლაზე ამ ქვეყანაში, მაგრამ არ თქვით იმ აგრესიასა და დაპირისპირებაზე და კონკრეტული თავდასხმების ფაქტებზე, რაც ქვეყანაშია. გთხოვთ, თქვენი პოზიცია გვითხრათ, პირადი, რას ფიქრობთ ამ აგრესიაზე, თავდასხმებზე და გთხოვთ, ასევე, რომ შეეცადოთ და სიტყვა „მაგრამ“ არ გამოიყენოთ, თუ დაგმობთ ძალადობას“, – განაცხადა სამნიძემ


დღეს, 30 ივნისს, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას ქალი დეპუტატების მიმართ სექსისტური შინაარსის განცხადება გააკეთა. მას სიტყვით გამოსვლისას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანი წითლიძემ დარბაზიდან რამდენჯერმე მიმართა, რასაც მოჰყვა ეს კომენტარი:

„ეს არის სახე ჩვენი დეგრადირებული, გაუბედურებული ოპოზიციის. ტაქტიკა აქვთ, ქალბატონებს მოგვიქსევენ შეურაცხყოფებით და შემდეგ ელოდებიან რეაქციას. მე არ ვაპირებ თქვენზე ჩემი ემოციების დახარჯვას”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.