ძალიან ძნელია, როცა ოთახში გამოკეტილები გვაქილიკებენ და გვლანძღავენ - რატიანი

პუბლიკა

ძალიან ძნელია, როცა ოთახში გამოკეტილები გვაქილიკებენ და გვლანძღავენ სასიკვდილო სივრცეში შემსვლელ ექიმებს, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა. ის გამოეხმაურა სახელმწიფო გაიდლაინზე არსებულ კრიტიკას. მისი თქმით, ვისაც შენიშვნისა და რჩევის მიცემა უნდა, მივიდეს კლინიკაში, სადაც მათ მოუსმენენ და გასათავალისწინებელ რჩევებს გაიზიარებენ.

„მინდა, ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ იმ აჟიოტაჟზე, რომელიც ჩვენს სახელმწიფო გაიდლაინზეა ატეხილი. იცით, რომ რაც ვირუსი გაჩნდა, სამყარო შეიცვალა. ეს გახდა, სამწუხაროდ, გლობალური პრობლემა, რომელსაც კაცობრიობა უნდა გაუმკლადეს.

მინდა ვუთხრა ყველას, ბატონებსა და ქალბატონებს, ერსა და ბერს, გრძელენიანებსა და მოკლეენიანებს, ახლა დგება მომენტი, როცა ერთად უნდა გადავრჩეთ. არ არის არავითარ შემთხვევაში ქილიკის დრო, რადგან ორივე მხარზე გვაზის უხილავი მტერი.

თუ ვინმეს შენიშვნის მოცემისა და რჩევის დარიგების სურვილი აქვს, აი, ბატონო კლინიკა, აი, ბატონო სივრცე. შეუძლიათ მობრძანდნენ და ჩვენთან ერთად იმ სივრცეში, რასაც სასიკვდილო სივრცე ჰქვია, იმუშაონ…

ჩვენც გვეშინია ამ სივრცის, იმიტომ, რომ ჩვენც შეიძლება გავხდეთ დაავადებულები, ჩვენც შეიძლება გავხდეთ კრიტიკულები და ჩვენც  დავამთავროთ სიცოცხლე ბიოლოგიური სიკვდილით.

რაც შეეხება გამოსვლას ტელევიზიებში, ლაპარაკს, ჭკუის სწავლებას, პროტოკოლის შემქმნელთან, ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან – „ტვინს მოუხმონ”. თუ რამე კეთილი სურვილი, ნება გააჩნიათ, მობრძანდნენ და ყველა მათ გასათვალისწინებელ რჩევას მივიღებთ.

ძალიან ძნელია, როცა ოთახში გამოკეტილები გვაქილიკებენ და გვლანძღავენ სასიკვდილო სივრცეში შემსვლელ ექიმებს… აუცილებლად მინდა მივიდეს ეს [განცხადება] იმ ადამიანებთან, ვინც ჩვენს მთავრობას აქილიკებს. ჩვენმა მთავრობამ, სახელმწიფომ გააკეთა ის, რაც ყველა წამყვან ქვეყანას შურს. ამის მაგალითია – ინფიცირების დაბალი დონე, დაავადებულების დაბალი დონე, ლეტალობის დაბალი ინდექსი და გამოჯანმრთელების მაღალი ინდექსი”, – განაცხადა რატიანმა.