„ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს გახარიასთან“ - ვახტანგ გომელაური

პუბლიკა

„ბევრჯერ იყო კითხვები, რომ ჩვენ შორის რაღაც დაპირისპირებაა. არანაირი დაპირისპირება ჩვენ შორის არ ყოფილა. არც ახლა არის, რა თქმა უნდა. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა“, – უპასუხა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტის შეკითხვას, ჰქონდა, თუ არა მას ყოფილ პრემიერთან გიორგი გახარიასთან დაპირისპირება.

მისი თქმით, აზრთა სხვადასხვაობა იყო გუნდში და მან იცოდა გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ პრემიერის განცხადებამდე.

„აზრთა სხვადასხვაობა გუნდში თუ იყო, ეს არ ნიშნავს დაპირისპირებას. პირიქით, ჯანსაღია ეს და სწორია. უნდა იყოს, რა თქმა უნდა, კითხვები და სხვადასხვა აზრი გუნდში. განცხადებამდე, რა თქმა უნდა, ცნობილი იყო, რომ გადადგომას აპირებდა. როგორ წარმოგიდგენიათ, შინაგან საქმეთა მინისტრმა არ იცის განცხადებამდე პრემიერის გადადგომის თემა? ნორმალური იქნებოდა? თქვენ ფიქრობთ, რომ არ ვიცოდი? კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა გახარიასთან და ახლაც მაქვს. როგორ შეიძლება, ადამიანმა, რომელთანაც მეგობრობ, ახლოს ხარ და ურთიერთობა გაქვს, არ გითხრას, რომ უნდა გადადგეს – ელემენტარული პატივისცემაა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.