„ძალიან მაწუხებს ქართული კინოს მომავალი“ - რეჟისორ ინეკე სმიტსის წერილი

პუბლიკა

ნიდერლანდელი რეჟისორი, პროდიუსერი და პედაგოგი ინეკე სმიტსი, ავრცელებს წერილს და აღნიშნავს, რომ „ქართული კინოს მომავალი აშფოთებს“.

Creative Europe-ის, ჰუბერტ ბალსის ფონდისა და სხვა საერთაშორისო კინოფონდების მრჩეველი მოუწოდებს მთავრობას, „დაიცვას და მხარი დაუჭიროს ქართულ კუტურას და მისცეს საქართველოს მოქალაქეებს, პროფესიულ ორგანიზაციებთან ერთად, ითანამშრომლონ საერთო მიზნისთვის“.

იხილეთ ინეკე სმიტსის წერილი:

„ფილმებს, რომლებიც საერთაშორისო დაფინანსებით გადამიღია, არაერთ ქვეყანაში მიუღწევიათ წარმატებას. ბევრი მათგანი პირდაპირ უკავშირდება ჩემს საყვარელ საქართველოს. ჩემი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, „მაგონია“, 1999 წელს საქართველოში, ნიდერლანდებსა და საფრანგეთში გადავიღე. ფილმი ბევრ ქვეყანაში გაიყიდა, მათ შორის იაპონიაში და მოიგო ბევრი ჯილდო, მათ შორის ოქროს ტიტა სტამბოლში. ქართულ კინოინდუსტრიასთან ჩემი თანამშრომლობა ყოველთვის ნაყოფიერი და შთამაგონებელი იყო.

ქართული კულტურა, განსაკუთრებით კი ქართული ლიტერატურა და კინო, მზარდი საერთაშორისო პოპულარობით სარგებლობს. მაგალითად, ნიდერლანდებში ალექსანდრე კობერიძის ფილმი, „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“, ძალიან წარმატებული აღმოჩნდა კინოგაქირავების პროცესში და ხუთვარსკვლავიანი შეფასებები დაიმსახურა. ნინო ხარატიშვილის წიგნები აქტიურად ითარგმნება ნიდერლანდულად და იდგმება თეატრში. ევროპაში ქართული კულტურის ხილვადობას პოზიტიური ეფექტი აქვს საქართველოს ცნობადობისა და მისდამი ინტერესის გამოწვევის მხრივაც, რაც ტურისტების გაზრდილ რიცხვშიც ჩანს.

ძალიან მაწუხებს ქართული კინოს მომავალი, განსაკუთრებით კი თავად საქართველოში. მხარდაჭერა და პასუხისმგებლობის აღება საჭიროა არა მხოლოდ თანამედროვე კინოსექტორის მიმართ, არამედ იმ მდიდარი კინემატოგრაფიული მემკვიდრეობის დაცვისა და გავრცელებისთვის, რომელიც საქართველოს აქვს. ქართველ ხალხს უნდა შეეძლოს მრავალფეროვანი ქართული ფილმების საქართველოს კინოთეატრებსა და ქართულ ფესტივალებზე ხილვა, აუდიტორია შემქმნელებთან და სხვა კინოპროფესიონალებთან ერთად უნდა განიხილავდეს ამ ფილმებს. მთელ ქვეყანაში კინოთეატრებისა ნაკლებობისა და კინოფესტივალებისადმი ფინანსური მხარდაჭერის სიმცირის გამო, ეს თითქმის შეუძლებელი ხდება.

როგორც ევროპელი რეჟისორი, რომელსაც ძალიან უყვარს საქართველო და მისი დიდი ისტორია, ვთხოვ საქართველოს მთავრობას, დაიცვას და მხარი დაუჭიროს ქართულ კუტურას და მისცეს საქართველოს მოქალაქეებს, პროფესიულ ორგანიზაციებთან ერთად, ითანამშრომლონ საერთო მიზნისთვის“, – წერს რეჟისორი.


„ქართული კინო საფრთხეშია“ – თითქმის ერთი კვირაა, კინოინდუსტრიის წარმომადგენლები ეროვნულ კინოცენტრთან იკრიბებიან, სოლიდარობას უცხადებენ ცენტრის თანამშრომლებს და უშედეგოდ ითხოვენ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრას.

11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, კობა ხუბუნაია დანიშნა, რომელმაც გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა კინოცენტრის თანამშრომლების განცხადება, რომლითაც ისინი ცენტრის დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. ეს განცხადება გამოქვეყნებიდან მალევე წაიშალა.

კინოცენტრის თანამშრომელთა ნაწილი და კინოინდუსტრიის წარმომადგენლები ითხოვენ:

  • „კონკურსის გზით  დირექტორის დანიშვნამდე შეწყდეს რეორგანიზაციის პროცესი;
  • კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს კონკურსის საფუძველზე და არა  ერთპიროვნულად;
  • დირექტორის შესარჩევი კომისია  დაკომპლექტდეს სექტორის წარმომადგენლებისგან; მივმართავთ საზოგადოებას, ხელმოწერით დაადასტუროთ, თუ კი მხარს უჭერთ ჩვენ ამ მოთხოვნას“.