ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
ვრცელ პოსტში მან ისაუბრა თანამდებობაზე ყოფნის დროს ოზურგეთში შესრულებულ სამუშაოზე და აღნიშნა, რომ „აგენტურულ ოპოზიციურ მედიასაშუალებებს ნადირობა აქვთ გამოცხადებული წარმატებასა და პროგრესზე“.
მისივე თქმით, „ხელოვნურად შექმნილი პრობლემების კვალდაკვალ“ მან სათანადო მხარდაჭერა და გვერდში დგომა ვერ იგრძნო „კონკრეტული ადგილობრივი თანამდებობის პირებისგან“ და ამანაც გარკვეული როლი შეასრულა მის ამ გადაწყვეტილებაში.
„მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის სახელმწიფო რწმუნებულმა და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, არაერთხელ, მათ შორის საჯაროდაც მოუწოდეს კონკრეტულ ადგილობრივ თანამდებობის პირებს ერთიანობისკენ, სამწუხაროდ, სათანადო მხარდაჭერა და გვერდში დგომა ხელოვნურად შექმნილი პრობლემების კვალდაკვალ, ვერ ვიგრძენი და დამალვას არ ვაპირებ, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული გულისწყვეტა ნამდვილად მაქვს, რამაც გარკვეული როლი შეასრულა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თუმცა, ეს არ იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღე, მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა…
ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, სათანადოდ დააფასონ ის ადამიანები, ვინც წლებია პოლიტიკაში არიან, უძლებენ უმძიმეს გარე თუ შიდა შემოტევებს და მყარად დგანან საკუთარი სამშობლოს სადარაჯოზე“, – წერს პაატა კუნჭულია.
მან მადლობა გადაუხადა თანამშტომლებს, ოზურგეთელებს და „ქართულ ოცნებას“.
„მე ყოველთვის ვიყავი და სულ დავრჩები „ქართული ოცნების“ ერთგულ, რიგით ჯარისკაცად“, – დაწერა მან.
მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მერის რიგგარეშე არჩევნები ინიშნება. არჩევნებს ცესკო ნიშნავს.
კანონმდებლობით, თუ მერს მერს უფლებამოსილება 15 ივნისიდან 15 იანვრამდე შეუწყდა, არჩევნები უახლოეს აპრილში დაინიშნება.