„ძალიან სასაცილოა" - სუბარი ლომჯარიას განცხადებაზე, სადაც ის გახარიასა და თალაკვაძეს მხარდაჭერას სთხოვს

პუბლიკა

„მისი მოწოდება, რომ მოუწოდა პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ დაიცვან, დაგმონ იუსტიციის მინისტრი და ა.შ. ძალიან სასაცილოა, იმიტომ, რომ სახალხო დამცველიც ადამიანია და თუ არასწორია მისი კრიტიკა, თუ არაკომპეტენტურია, მის მიმართაც ზუსტად ისევე შეიძლება კრიტიკის გამოთქმა, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანის მიმართ”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში, ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა POSTV-ის ეთერში, შალვა რამიშვილის გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადება, რომ პატიმრებთან მისი შეხვედრების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებით იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკინმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, არის აბსურდი. სუბარს მიაჩნია, რომ „კანონის დარღვევაზე აქ საუბარი შეუძლებელია”.

„ის, რომ სახალხო დამცველი შედის ციხეში, ის, რომ სახალხო დამცველი ხვდება კონკრეტულ პიროვნებას, ეს არ არის კონფიდენციალური, ეს არ არის დახურული ინფორმაცია… სახალხო დამცველი რომ მიდის ციხეში, ეს არის ღია ინფორმაცია, ისევე როგორც ის, თუ ვის ხვდება. თუ რაზე ლაპარაკობენ, ეს არის კონფიდენციალური თუ ამ კონფიდენციალობის შესახებ არსებობს დათქმა და თხოვნა პატიმრის მხრიდან”, – თქვა სუბარმა.

მან აღნიშნა ისიც, რომ სახალხო დამცველმა უნდა დაიცვას უდანაშაულობის პრეზუმფცია.

„როდესაც მან თქვა, რომ დანაშაული ჩაიდინა [წულუკიანმა], მიმართა პროკურატურას გამოსაძიებლად, მანამდე გააკეთა განცხადება, რომ მან ჩაიდინა დანაშაული, ამის შემდეგ ვებგვერდზე გამოაქვეყნეს განცხადება, რომ სისხლის სამართლის დანაშაული არის ჩადენილი, ეს არის აბსურდი. ჯერ ერთი, სახალხო დამცველმა მინიმუმ უნდა დაიცვას ასეთ დროს მაინც უდანაშაულობის პრეზუმფცია და სანამ სავარაუდო დანაშაული არ დადგინდება, დანაშაული არ უნდა უწოდოს. ეს არის აბსურდი. მანდ დანაშაულზე საუბარი შეუძლებელია. იქ რომ ყოფილიყო მოსმენა, მიყურადება, რა თქმა უნდა დანაშაულზე იქნებოდა ლაპარაკი. არაფერი აბსოლუტურად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და მისი თანამშრომლების საქმიანობა არის კანონის ფარგლებში”, – აღნიშნა სუბარმა.


23 იანვარს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე ე.წ. მატროსოვის ციხეში ირაკლი ოქრუაშვილსა და ვანო მერაბიშვილს შეხვდნენ.

„ის საკითხი, თუ ვის შეხვდება სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი, არის კონფიდენციალური ინფორმაცია და მისი გამჟღავნება წარმოადგენს სახალხო დამცველის საქმიანობაში ჩარევას, მასზე ზემოქმედებისა და მისი სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელშეშლის მიზნით. მოცემული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლით განსაზღვრულ დანაშაულს”, – აცხადებს ომბუდსმენი.