EMC საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შეწყვიტოს ომბუდსმენის დისკრედიტაციის მცდელობა

პუბლიკა

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დროულად შეისწავლოს ბოლო დღეებში გამოვლენილი ფაქტები და დაადგინოს, რამდენად კანონიერად ახორციელებდა პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველის წარმომადგენლების ვიზიტების მონიტორინგს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში”, – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იუსტიციის მინისტრის მხრიდან სახალხო დამცველის დისკრედიტაციის მძიმე შემთხვევებს ეხმაურება და საქართველოს მთავრობას მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესწავლასა და სახალხო დამცველისთვის ეფექტიანი და დამოუკიდებელი საქმიანობის გარანტიების შექმნისკენ მოუწოდებს.

ამასთან, EMC მთავრობას პენიტენციურ სისტემაში სახალხო დამცველის მიერ გამოვლენილი ძალადობრივი პრაქტიკის და არაფორმალური მმართველობის სისტემების აღმოსაფხვრელად დაუყოვნებელი სისტემური ზომების მიღებას სთხოვს.

მათი თქმით, 23 იანვარს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საჯარო გახადა ინფორმაცია, სასჯელაღსრულების ერთ-ერთ დაწესებულებაში, სახალხო დამცველის ვიზიტის და დაწესებულებაში განთავსებულ რამდენიმე პირთან, მისი კონფიდენციალური შეხვედრის შესახებ. განცხადებაში დეტალურად არის მოცემული, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სახალხო დამცველის ვიზიტის პერიოდი, ასევე მითითებულია იმ პირთა მონაცემები, ვისაც უშუალოდ შეხვდა სახალხო დამცველი, კონკრეტული საქმეები, რის გამოც აღნიშნული პირები იხდიან სასჯელს და ინფორმაცია იმ პირთა შესახებ, რომლებმაც უარი განაცხადეს სახალხო დამცველთან შეხვედრაზე.

„სახალხო დამცველის საქმიანობის მიმართ სახელწიფოს ბოლოდროინდელი დამოკიდებულება შეიცავს მის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორების და ამ ინსტიტუტის საქმიანობის დისკრედიტაციის ნიშნებს. მსგავსი დამოკიდებულით  ნათელია სახელმწიფოს მცდელობა, გადაფაროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ის მწვავე მდგომარეობა, რომელზეც საუბარია სახალხო დამცვლის ანგარიშში. პრობლემების აღიარების და მათ აღმოსაფხვრელად ქმედითი ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად, კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევით ხდება სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის შერყევა და ზოგადად, სამსახურის საქმიანობის შეფერხება.

იმ დროს, როდესაც მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადობებრივი ნდობა და საზოგადოებას ხელისუფლების არც ერთი შტოს საქმიანობის მიმართ არ აქვს სამართლიანობის და ობიექტურობის განცდა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ პატივი სცეს და დაიცვას სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობის პრინციპები, უზრუნველყოს ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობა და ხელი არ შეუშალოს მას საქმიანობის განხორციელებაში. სახალხო დამცველი იცავს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, პატიმრების უფლებებს და მისი მუშაობის კონფიდენციალობის გარანტიების დარღევა, სწორედ კონკრეტული ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე შეიძლება აისახოს. სახელმწიფოს აქვს კონსტიტუციური ვალდებულება ობიექტურად მიიღოს სახალხო დამცველის კრიტიკა და არსებულ გამოწვევების გადაჭრის მყისიერი და ეფექტიანი ზომები მიიღოს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

LB loan image desktop LB loan image mobile