ძალიან უსამართლოდ მხვდება ტალახი - იაგო ხვიჩია

პუბლიკა

პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია საზოგადოებისა და ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკას ეხმიანება და ამბობს, რომ „ტალახი უსამართლოდ ხვდება“

„სწორი მგონია, დავიცვა ერთი ადამიანი, თუ მას უსამართლოდ სჯიან. ამას გავაკეთებ, თუნდაც მთელი სამყარო შეითქვას ჩემ წინააღმდეგ. მე ამ საქმეში ვარ 100%-ით მართალი და ეს მერამდენე შემთხვევაა რაც ტყუილი დამაბრალეს და ტალახი მესროლეს. ახლა ეს ძალიან მაწუხებს და მინდა საჯაროდ შევთავაზო ნებისმიერ ადამიანს ცივილური დისკუსია“, – აცხადებს ხვიჩია.

ხვიჩიას განცხადებით, მის წინააღმდეგ მომართულმა „ნიაღვარმა“ კამპანიური ხასიათი მიიღო.

„სინამდვილეში, ძალიან მარტივად არის საქმე, მე მჯერა, რომ არ შეიძლება ადამიანის ციხეში ჩასმა მიუხედავად იმისა თუ რა ნახა და სხვას მოუყვა ამის შესახებ. მე ამის მართლა მჯერა. ჩემთვის ეს ტალახის კამპანია შანსია საზოგადოებას ავუხსნა როგორ ვუყურებ ადამიანს და მის თავისუფლებას. ესეთია ადამიანის თავისუფლების ჩემეული გაგება. ამის გამო მეძახიან პედოფილიის მხარდამჭერს და ადამიანურად გთხოვთ მომცეთ საშუალება პასუხი გავცე უნამუსო ცილისმწამებლებს“, – აცხადებს ხვიჩია

„გირჩის“ თავმჯდომარის თქმით, ის მზად არის, დისკუსიაში მიიღოს მონაწილეობა და „თუ დამარწმუნებენ, რომ შევცდი ბოდიში მოვიხადო“.

ხვიჩია მოუწოდებს მედიას, დაუთმონ სატელევიზიო ეთერი.

დღეს „გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინო დარსაველიძე, რომელიც ამჟამად პარტიის წევრი აღარაა, იაგო ხვიჩიას 29 ნოემბრის პოსტს გამოეხმაურა. დარსაველიძე წერს, რომ „გირჩის“ დამფუძნებელთაგან ცოტას ექნებოდა ჩაფიქრებული, რომ პედოფილიის მოხმარებას გაამართლებდა ოდესმე პარტია. ის დამფუძნებელთა საერთო კრების მოწვევას მოითხოვს და ზურაბ ჯაფარიძეს საჯარო პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს.

დღეს ასევე პარტიის მხარდამჭერმა ტორესა მოსიმ Facebook-ზე დაწერა, რომ „არსებობს კრიზისი, რომელიც აღარ იმალება და ზურა ჯაფარიძე, პერსონალურად შენი პასუხისმგებლობაა ამის დალაგება“.

საქმე ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას კაცის შესახებ, რომელსაც ბრალად ედება არასრულწლოვნის პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა და შენახვა. იაგო ხვიჩიამ ეს ინფორმაცია facebook-ზე გააზიარა და მიაწერა: „ანუ? პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა, ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს“.