როგორც „გირჩის“ დამფუძნებელი, ვითხოვ დამფუძნებელთა საერთო კრებას - დარსაველიძე ხვიჩიას განცხადებაზე

პუბლიკა

„გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინო დარსაველიძე, რომელიც ამჟამად პარტიის წევრი აღარაა, სოციალურ ქსელში გირჩის თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას პოსტს ეხმაურება.

საქმე ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ დააკავეს კაცი, რომელსაც ბრალად ედება პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა და შენახვა. იაგო ხვიჩიამ ეს ინფორმაცია facebook-ზე გააზიარა და მიაწერა: „ანუ? პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა, ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს“.

ნინო დარსაველიძე წერს, რომ „გირჩის“ დამფუძნებელთაგან ცოტას ექნებოდა ჩაფიქრებული, რომ პედოფილიის მოხმარებას გაამართლებდა ოდესმე პარტია. ის დამფუძნებელთა საერთო კრების მოწვევას მოითხოვს და ზურაბ ჯაფარიძეს საჯარო პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს.

„მე, როგორც გირჩის დამფუძნებელი, ვითხოვ დამფუძნებელთა საერთო კრებას. ყრილობის შესახებ ჩემთვის არავის უცნობებია, შესაბამისად, ახალი ბორდიც ეჭვქვეშაა. თუ ვინმეს აინტერესებს, რატომ არ მკიდია „გირჩი“, ამოიღეთ აუდიტიდან ჩემ მიერ გაკეთებული დამფუძნებლის შენატანი და მიხვდებით. როდესაც 22 ადამიანი ვაფუძნებდით „გირჩს“, როდესაც უამრავმა ადამიანმა ჩადო ძალისხმევა იმაში, რომ ამ პოლიტიკური გაერთიანების ხმა ისმოდეს, ძალიან ცოტას ექნებოდა ჩაფიქრებული, რომ პედოფილიის მოხმარების გაპრავებამდე დავა ეს გაერთიანება და დასაბმელი გახდება. გახდა.

…იაგოს და ვახოს მიერ დაწერილი რაღაცა ფიქტიური წესები საერთოდ არაფერ შუაშია. გირჩს ჰქონდა მანიფესტი, ის საბუთი, რაზეც გირჩი დავაყენეთ და ბავშვებზე ძალადობის დაშვებას ვინ დაუშვებდა არ ვიცი. თუმცა ჩემი ეჭვები მაქვს“, – წერს დარსაველიძე სოციალურ ქსელში.