„ხშირად ქალებზე ადევნება მას შემდეგ ხორციელდება, როდესაც ისინი კაცებთან ასრულებენ სასიყვარულო ურთიერთობას”, – ამის შესახებ საუბარია პუბლიკაციაში, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკურმა განყოფილებამ მოამზადა.
„სასამართლო პრაქტიკის ანალიზი ადევნების და ქორწინების იძულების დანაშაულებზე (2018-2022)” – დოკუმენტში საერთო სასამართლოების განაჩენები შეისწავლეს და გაანალიზეს.
როგორ განიმარტება კანონით ადევნება: პირის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
ადევნებასთან მიმართებით საერთო სასამართლოების განაჩენების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად, შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:
„გამამტყუნებელმა განაჩენებმა ცხადყო, რომ ძირითად შემთხვევაში ადევნების მსხვერპლი იყო ქალი, ხოლო მოძალადე კაცი. ამასთან, მცირე რაოდენობით, თუმცა პრაქტიკაში ვხდებით ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ადევნების მსხვერპლი გამხდარა კაცი (9 დაზარალებული კაცის მიმართ ადევნება განახორციელა 4 ქალმა და 5 კაცმა);
ხშირად ქალებზე ადევნება მას შემდეგ ხორციელდება, როდესაც ისინი კაცებთან ასრულებენ სასიყვარულო ურთიერთობას. თუმცა, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მსხვერპლისთვის მოძალადე ან უბრალო ნაცნობია ან საერთოდ უცნობი პირია;
დადებითად უნდა შეფასდეს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დადგენილი ის ცალკეული განაჩენები, რომლებშიც მოსამართლეები განმარტავენ, რომ ექსპერტიზის დასკვნის არსებობა არ არის აუცილებელი იმის დასადგენად, პირის ქმედებებმა გამოიწვია თუ არა დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა;
ადევნების მუხლით ბრალდებული პირების მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმების რაოდენობრივი მაჩვენებელი დაბალია, რაც მისასალმებელია. 2018-2022 წლებში, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა 23 პირთან, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის მცირე ნაწილს, დაახლოებით 10%-ს წარმოადგენს.
ადევნების მუხლით მსჯავრდებული პირების მიმართ სასჯელის სახედ ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით ძირითადად განისაზღვრება დანაშაულთა ან განაჩენთა ერთობლიობის დროს, ხოლო რაც შეეხება მხოლოდ ადევნების კვალიფიკაციით მსჯავრდებულ პირებს, მათ მიმართ უმრავლეს შემთხვევაში სასჯელის სახით განსაზღვრულ იქნა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, რომელიც დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორის, დაზარალებულის პოზიციის მხედველობაში მიღებით, ჩაითვალა პირობითად. შესაბამისად, კვლავ გამოწვევად რჩება სათანადო სასჯელების შეფარდების საკითხი”, – ვკითხულობთ პუბლიკაციაში.
დასკვნის სახით პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ მსგავსი კატეგორიის დანაშაულებში მნიშვნელოვანია გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთა, რაც ბოლო წლებში არსებული პროგრესის მიუხედავად, პრაქტიკაში კვლავ გამოწვევად რჩება. მათ შორის, ისეთ საქმეებზე, რომლებშიც დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, დისკრიმინაციული მოტივი ცალსახაა. მაგალითად, ქორწინების იძულების და ქორწინების იძულების მიზნით ქალის/არასრულწლოვანი გოგოს მოტაცების საქმეებში. აღნიშნულზე მიუთითებს კვლევაში წარმოდგენილი სტატისტიკური ინფორმაციაც. იგივე ითქმის ადევნებასთან მიმართებით, რომლის ჩადენაც, უმეტესწილად, ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულების, მასზე უფლებების ქონის სურვილით, მისი ქცევის კონტროლის და გენდერთან დაკავშირებული სხვა მიზეზებით ხდება.
ერთ-ერთ რეკომენდაციად ასევე აღნიშნულია, საჭიროა, რომ სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებებში მოხდეს ქალთა მიმართ ძალადობის ონლაინ განზომილებასთან, მათ შორის, კიბერ ადევნებასთან დაკავშირებული სპეციფიკური სტანდარტების მითითება, რაც ასევე მოიცავს მსხვერპლის პირადი ინფორმაციის დაცვისა და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების საკითხების მხედველობაში მიღებას.