„ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები: წნევა, პულსი, სუნთქვა, სატურაცია ნორმის ფარგლებშია“ - პენიტენციური

პუბლიკა

პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, გიორგი ჩიდრაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით ბრიფინგი გამართა, შემდეგ კი ჟურნალისტთა შეკითხვებსაც უპასუხა.

ჩიდრაშვილის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია.

„პაციენტის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები, როგორიც არის არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვა, სატურაცია, ნორმის ფარგლებშია. ასევე ნორმის ფარგლებშია ძირითადი ლაბორატორიული მაჩვენებლები.

მას ინტენსიურად უტარდება ლაბორატორიული და სხვა დიაგნოსტიკური გამოკვლევები. შესაბამისად, ის უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურებით. ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი კონტროლის ქვეშაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.“ – განაცხადა ჩიდრაშვილმა.

ჟურნალისტმა შეკითხვა კონკრეტული ლაბორატორიული მაჩვენებლების შესახებ დაუსვა. მისი თქმით, კონკრეტულ მაჩვენებლებზე ინფორმაციას ვერ გაავრცელებს, რადგან ეს ინფორმაცია პერსონალურია.

ხოლო შეკითხვაზე, რატომ გაუქმდა კონსილიუმი, უპასუხა – „კონსილიუმი არ შეჩერებულა და ის ძალაშია.“

მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა, შიმშილობს. ის გლდანის მე-18 დაწესებულებაში იმყოფება. მისი მოთხოვნა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. იუსტიციის მინისტრის განმარტებით, გლდანის დაწესებულებაში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვისთვის ყველა პირობაა და საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება