ძლიერი და მზარდი ურთიერთობის საფუძველია - ჰარცელი ასოცირების ხელშეკრულების 6 წლისთავზე

პუბლიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელი ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულების 6 წლის თავს ულოცავს და წერს, რომ ეს ხელშეკრულება ევროკავშირთან ძლიერი და მზარდი ურთიერთობის საფუძველია.

„ჩვენ ასევე ველოდებით მეტ ენთუზიაზმს სამართლებრივ რეფორმებთან დაკავშირებით, მათ შორის თავად სასამართლოში. იმედი მაქვს, ერთად ვიმუშავებთ ეკონომიკის სექტორში მეტი გამძლეობისთვის და ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველად გარემოს შექმნისთვის. ასევე, მეტი ინკლუზიურობისთვის, რათა უფრო მეტმა ადამიანმა ისარგებლოს ამით. და ბოლოს, მინდა შევეხო გარემოსა და ენერგოეფექტურობას. ეს არის ის საკვანძო სექტორი, სადაც საქართველო ახლა ვითარდება და კიდევ აქვს გზა გასავლელი ამ მიმართულებით. მე პროგრესს ამ სფეროში განსაკუთრებით ველოდები და მჯერა, რომ ეს სასარგებლო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, მისი უსაფრთხოებისთვის და მოსახლეობისთვის.

ჩემთვის ასოცირების შეთანხმება რეცეპტების წიგნს ჰგავს, რომელიც სახლში ექვსი წლის წინ წავიღეთ და მას შემდეგ მისი მეშვეობით ერთად ვაკეთებთ კერძებს. ზოგიერთი კერძი, რომელსაც ერთად გავაკეთეთ, მართლაც გემრიელი აღმოჩნდა, როგორც მაგალითად, ვიზალიბერალიზაცია ან “ერასმუს+”-ის სტუდენტური გაცვლითი პროგრამები, რომლითაც უამრავი ადამიანი სარგებლობს. სხვა კერძები უფრო ბოსტნეულივითაა, მის გასინჯვას დიდად არ ელოდები, თუმცა საბოლოო ჯამში ხვდები, რომ ისინი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. მე მომავალ წელსაც ველოდები კერძების ერთად კეთებას“,- წერს ჰარცელი.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მომავალში დიდი ყურადღებით დავაკვირდებიან დაგეგმილ არჩევნებს და იმედს გამოთქვამს, რომ ის აღიარებული იქნება, როგორც ყველაზე სამართლიანი და თავისუფალი, რაც კი ოდესმე ჩატარებულა.