ძლიერმა წვიმამ ბათუმსა და გურიაში პრობლემები შექმნა — დაიტბორა სახლები, დაზიანდა გზები

პუბლიკა

ძლიერი ნალექის შედეგად დაიტბორა ბათუმის ტერიტორია, სტიქიაა გურიაშიც.

გავრცელებული ფოტოებისა და ვიდეოებიდან ჩანს, რომ ოზურგეთსა და ჩოხატაურში დატბორილია სახლები და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

ლანჩხუთის მერიის ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრობლემები შექმნა.

სოფელ ხორეთში მდინარემ წაიღო დროებითი გზა, დატბორილია ოჯახები, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დაზიანებულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შეკვეთილი- ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის (გვირაბის შემოსავლელი) საავტომობილო გზის კმ0+400 მონაკვეთი, შეკვეთილში, მდინარე ნატანებთან არსებული ხიდის სავალი ნაწილი. აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დატბორილია ბათუმის ქუჩებიც.

სტიქია შეეხო ხელვაჩაურში მდებარე “ორთაბათუმის” კოტეჯებსაც.