ძმებ კაკულიებს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ჯემალ კოპალიანის განჩინებით, ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე დაკავებულ დავით და გურამ კაკულიებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ძმები კაკულიები თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შემდეგ დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ძმებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით 1 პირს მრავლობითი დაზიანება მიაყენეს. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მათ უკანონოდ გადმოკვეთეს სახელმწიფო საზღვარი და მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს და ფლობდნენ იარაღს.

წარდგენილი ბრალდება 13- დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინასასამართლო სხდომა 21 ივლისს ჩაინიშნა.

გუშინ, 31 მაისს, პროკურატურამ განაცხადა, რომ შეისწავლიან ბრალდებულების სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან შესაძლო შემხებლობას.


15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას ოჯახი აცხადებს, რომ ძმები კაკულიები კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთებად არიან დასახელებულნი.

30 მაისს ნიკო კვარაცხელიას დედამ დაწერა, რომ ეს ინფორმაცია მათთვის მკვლელობაში მსჯავრდებულებისგან, აკო ჭელიძისგან და გიორგი კაველაძისგანაა ცნობილი. გამოძიება ამ ბრალდებაზე ოფიციალურად არ მუშაობს.