პენსიონერების ძველ სესხებთან დაკავშირებით არსებობს პრობლემები... უნდა განულდეს! - დეპუტატი

პუბლიკა

პარტია „მოქალაქეების“ წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატი,  ქეთევან თურაზაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში პენსიონერების ძარცვა დაკანონებულია.

მან ისაუბრა საპენსიო სესხების პრობლემაზე და აღნიშნა, რომ პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა, ყველა ოვერდრაფტი გადაკეთდეს 26%-იან  სესხად და სესხები გაუნულდეთ მათ, ვინც უკვე დაფარა ბანკიდან გამოტანილი თანხა.

„გავიგეთ, რომ საპენსიო სესხზე პროცენტი შემცირდა და ამ შედეგის მისაღწევად ჩვენც აქტიურად ვიყავით სამუშაო პროცესში ჩართული. მაგრამ რატომღაც არავინ აღიარებს და ყველა თვალს ხუჭავს, რომ ძველ სესხებთან დაკავშირებით არსებობს პრობლემები. ჩემს შეკითხვაზე ეროვნული ბანკის პასუხი ასეთია, რომ ჯერ მომართვიანობას დააკვირდება. მოხუცების ცხოვრების ხარისხი კი დღითიდღე უარესდება.

ისევ ვიმეორებ, პენსიონერების დიდ ნაწილს 2023 წლამდე უკვე აღებული აქვს სესხი, მათი უმეტესობა სესხს იღებდა მკურნალობის ან ოპერაციისთვის. პანდემიის დროს ისარგებლეს 3-6-თვიანი გადავადებით და სესხები გაეზარდათ 2-3 წლის ვადით. რა თქმა უნდა, მათთვის ეს არავის აუხსნია, რაც მათ მოტყუებას ნიშნავს. მათი უმეტესობა არ გადაივადებდა სესხს ამ კაბალური პირობით.

რაც შეეხება ოვერდრაფტებს, რაც ვერანაირ კრიტიკას უძლებს:

ქალბატონმა ნანულიმ, ქმრის ოპერაციისთვის გამოიტანა 1500 ლარი, მოტყუებით გაუფორმეს ოვერდრაფტი. 6 წელია იხდის 65 ლარს. ქმარიც გარდაეცვალა. ის დღეს მარტოხელა მოხუცია. ბანკში ეუბნებიან, რომ მისი სესხი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც 1500 ლარს გადაიხდის.

ქალბატონი აზა, რომელმაც ფეხი მოიტეხა და ოპერაციაზე დასამატებლად დასჭირდა 1800 ლარი. მერვე წელია, ყოველ თვე იხდის 75 ლარს. მასაც ეუბნებიან, რომ უნდა დააბრუნოს ისევ 1800 ლარი.

წერილებზე პასუხებს ვერ ავუდივარ, მოხუცები შველას ითხოვენ. ასობით ასეთი მაგალითი მაქვს. ეს სამარცხვინო მდგომარეობა რომ გამოსწორდეს, დაუყოვნებლივ გასაკეთებელია 2 რამ:

1. ყველა ოვერდრაფტი უნდა გადაკეთდეს დასრულებად სესხად 26%-ში ისე, რომ სესხის ვადა არ გაიზარდოს.

2. პენსიონერების სესხები, იგივე ოვერდრაფტები, რომლებზეც უკვე დაფარულია სესხად გამოტანილი თანხის ოდენობა, უნდა განულდეს!“, – თქვა მან.


საპენსიო სესხების ჩამოწერას მოითხოვს მოძრაობა „ხმა“. ასევე მათი მოთხოვნაა, რომ პენსიის დარიგება სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღოს.