ვიდეო | პროკურატურა, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ფარული საგამოძიებო მოქმედებებით მოპოვებულ მტკიცებულებებს ასაჯაროებს

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურაში, ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩატარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანომ გამოძიება დაასრულა და საქმე განსახილველად სასამართლოში წარიმართება.

პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულები – ილიჩოვა და მელაშვილი მოქმედებდნენ ზემდგომი პირის დავალებით და იყენებდნენ 1:100 000-იანი და 1:50 000-იანი რუკების საზღვრის ხაზს, რომელიც, მათი თმით, წინააღმდეგობაში მოდის ისტორიულ საზღვართან.

პროკურატურაში ისაუბრეს ასევე ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზეც. კერძოდ, პროკურორის თქმით, მათ შორის, ივერი მელაშვილის კაბინეტი აღიჭურვა ფარული სათვალთვალო მოწყობილობებით და გამოძიებამ მტკიცებულების სახით მოიპოვა მელაშვილსა და საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, მ.მ-ს შორის გამართული საუბარი. პროკურორის თქმით, საუბარი იყო რამდენიმე მონაკვეთზე, მათ შორის, დავითგარეჯას საზღვრის საქართველოს ინტერესების საზიანოდ დადგენის საკითხზე.

პროკურორმა 2020 წლის 28 სექტემბერს ივერი მელაშვილის კაბინეტში მოპოვებული ფარული ჩანაწერის შინაარსი გაასაჯაროვა.

მისი თქმით, მელაშვილისა და მ.მ-ს საუბარი შეეხება საზღვრის რამდენიმე მონაკვეთს – მე-17 არხის, დავითგარეჯასა და ჯანდარის ტბის მიმდებარედ არსებულ მონაკვეთებს.

მისი ინფორმაციით, ამ ჩანაწერში მელაშვილი ადასტურებს, რომ 2006 წლის შეთანხმებაში ქართულმა მხარემ უარყო დავითგარეჯას მიმდებარედ ქვეყნის თავდაპირველი პოზიცია, რომელიც საზღვრის უდაბნოს მთის ძირში გატარებას გულისხმობდა.

პროკურატურის ცნობით, მელაშვილმა, მიღებული დავალების შესაბამისად, თავდაპირველი შეთავაზების საწინააღმდეგოდ, დავით გარეჯის მიმდებარედ საზღვრის გავლება უდაბნოს მთის თხემზე შეათანხმა. მათივე ცნობით, ბრალდებული წინააღმდეგი იყო საზღვრის მოცემული მდგომარეობით შეთანხმებაზე, რადგან მას არ მიაჩნდა სწორად, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მელაშვილმა ხელი მოაწერა შეთანხმების ოქმს.

პროკურატურის განცხადებით, მე-17 სარწყავი არხის მონაკვეთთან დაკავშირებით ივერი მელაშვილი აღიარებს, რომ ეს მონაკვეთიც საქართველოს ინტერესის საზიანოდ შეთანხმდა.

პროკურორმა ჯანდარის ტბის მონაკვეთზეც ისაუბრა. მისი თქმით, ბრალდებული ტენიკურ შესწორებად მოიხსენიებს იმას, რომ ეს მონაკვეთიც საქართველოს ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

პროკურორის განცხადებით, მელაშვილისა და ილიჩოვას ქმედებების შედეგად, საქართველოს 13 მონაკვეთზე ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის შეექმნა საფრთხე.

საქართველოს პროკურატურა ასაჯაროებს დასახელებულ ვიდეო/აუდიო მასალას, ამასთან მას ერთვის გრაფიკულად დამუშავებული კარტოგრაფიული მასალა, სადაც, მათი მტკიცებით, ნაჩვენებია საზღვრის რამდენიმე მონაკვეთზე, მათ შორის დავით-გარეჯის მიმდებარედ, საზღვრის ხაზის ის მონაკვეთები, „რომელზედაც ბრალდებულებმა განზრახ, მიღებული დავალების შესაბამისად, შეათანხმეს საქართველოს ინტერესების საზიანოდ“.

პროკურატურის განცხადებას გთავაზობთ სრულად:

„სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. მოწმის სახით გამოიკითხა 100-მდე პირი. სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან ამოღებული იქნა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, მათ შორის კარტოგრაფიული მასალები.

აქვე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, აღმოჩენილი იქნა ბრალდებულ ნ.ი.-ს სამუშაო კაბინეტში. აღსანიშნავია, რომ დასახელებული რუკა წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და ნაცვლად ნ.ი.-ს სამუშაო კაბინეტისა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაცული უნდა ყოფილიყო იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში.

საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ ბრალდებულები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით.

საზღვრის ხაზზე შეთანხმებისას, ნაცვლად 1938 წლის კარტოგრაფიული მასალისა, მიზანმიმართულად იყენებდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 50 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზს, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან.

გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებულ იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში განხორციელდა ბრალდებულ ი.მ.-ს სამუშაო კაბინეტის აღჭურვა ფარული ვიდეო და აუდიო ჩამწერი მოწყობილობით. აღნიშნულის შედეგად გამოძიებამ მტკიცებულების სახით მოიპოვა ი.მ.-სა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მ.მ-ს შორის გამართული საუბარი, რომელიც რამოდენიმე მონაკვეთზე, მათ შორის დავით-გარეჯის მიმდებარედ, საქართველოს ინტერესების საზიანოდ საზღვრის შეთანხმების საკითხს შეეხება.

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ვინაიდან საგამოძიებო უწყების მიერ მოცემული ეტაპისთვის უკვე განხორციელდა ფარული ვიდეო/აუდიო მასალის განსაიდუმლოება, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია აღნიშნული მტკიცებულების თაობაზე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფარული ვიდეო ჩანაწერი მოპოვებულია სასამართლოს ნებართვის საფუძველზე, ი.მ.-ს სამუშაო კაბინეტში – 2020 წლის 28 სექტემბერს, ამ უკანასკნელის დაკავებამდე.

ბრალდებულ ი.მ.-სა და მ.მ-ს საუბარი შეეხება საქართველოს საზღვრის რამოდენიმე შეთანხმებულ მონაკვეთს, კერძოდ მე-17 არხის, დავით გარეჯის და ჯანდარის ტბის მიმდებარედ არსებულ მონაკვეთებს.

ფარულ ჩანაწერში ბრალდებული ი.მ. ადასტურებს, რომ 2006 წლის აგვისტოს შეთანხმებისას, დავით გარეჯის მიმდებარედ, ქართულმა მხარემ უარყო საქართველოს თავდაპირველი პოზიცია, რაც საზღვრის უდაბნოს მთის ძირში გატარებას გულისხმობდა, რის შედეგადაც თითქმის ყველა ისტორიული ძეგლი ექცეოდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში. მან, მიღებული დავალების შესაბამისად, თავდაპირველი შეთავაზების საწინააღმდეგოდ, დავით გარეჯის მიმდებარედ საზღვრის მონაკვეთი შეათანხმა უდაბნოს მთის თხემზე. ბრალდებული საუბარში ასევე აცხადებს, რომ იგი წინააღმდეგი იყო დავით გარეჯის მიმდებარედ საზღვრის მოცემული მდგომარეობით შეთანხმებაზე, მას არ მიაჩნდა სწორედ აღნიშნული, თუმცა მიუხედავად ამისა, ი.მ. ხელს აწერს შეთანხმების ოქმს, რის შედეგადაც დასახელებული მონაკვეთი ჩვენი ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

რაც შეეხება მე-17 სარწყავი არხის მონაკვეთს, ი.მ. აღიარებს, რომ დასახელებული მონაკვეთიც დავით გარეჯის მიმდებარედ არსებული მონაკვეთის მსგავსად, ჩვენი ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

გარდა აღნიშნულისა, ფარულ ჩანაწერში საუბარია შეთანხმებულ მე-4, ჯანდარის ტბის მიმდებარედ არსებულ მონაკვეთზე, რომელიც ასევე ქართული მხარის თავდაპირველი პოზიციის საწინააღმდეგოდ შეთანხმდა და ამას ბრალდებული ტექნიკურ შესწორებად მოიხსენიებს, თუმცა საზოგადოებას შეუძლია თავად იხილოს, თუ რაოდენ დიდი განსხვავებაა საქართველოს თავდაპირველ პოზიციასა და საბოლოოდ შეთანხმებულ მონაკვეთს შორის.

ბრალდებულის საუბრით ასევე დასტურდება, რომ მათი როგორც ექსპერტების გადაწყვეტილებები საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე არ შეესაბამებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. კერძოდ, ი.მ. საუბრობს, რომ ქართველი ექსპერტები, მუშაობის პროცესში მეტწილად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იზიარებდნენ აზერბაიჯანის პოზიციას. ქართული მხარისგან განსხვავებით, აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოსთვის ტერიტორია არ დაუთმია.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ი.მ.-სა და ნ.ი.-ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, 13 მონაკვეთზე დაკარგვის საფრთხე შეექმნა საქართველოს ისტორიულად კუთვნილ ტერიტორიებს – დაახლოებით 3500 ჰექტარს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რომელიც შეეხება საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე სხვა თანამდებობის პირთა ქმედებების კანონიერებას.