ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე რუსეთს კომპენსაციის ჩარიცხვის ვადა დეკემბრის ბოლომდე განესაზღვრა – მინისტრი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს უსმენენ.

ბრეგაძე დეპუტატების წინაშე უწყების საქმიანობის შემაჯამებელი სიტყვით გამოდის, რის შემდეგაც მას შეკითხვებით მიმართავენ.

გამოსვლაში მინისტრი შეეხო რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

რატი ბრეგაძის მოხსენებით, ე,წ, ომის საქმეში საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

მისი განმარტებით, სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ მასობრივ დანაშაულებზე პასუხისმგებელია რუსეთი. მისი თქმით, სასამართლომ დაადასტურა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და რუსეთის მიერაა ოკუპირებული. მინისტრის განმარტებითვე, დასტურდება, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.

მინისტრმა ისაუბრა ასევე საქმეზე „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც, მისი შეფასებით, ორკესტრირებული იყო რუსეთის მიერ. ამ საქმეზე ევროსასამართლომ საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.

მინისტრის განმარტებით, სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ომის დროს აქტიურად იბომბებოდა ცხინვალის რეგიონი და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ აკონტროლებდნენ ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიას.

შემდგომი საქმე, რომელზეც მინისტრმა ისაუბრა იყო – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმე, რომლის განხილვაც განაახლა ევროსასამართლომ. საქმეში საქართველოს მხარე აღნიშნავს, რომ რუსეთი ყოველდღიურად არღვევს ევროკონვენციის მუხლებს.

ბოლო საქმე, რომელმაც რატი ბრეგაძემ ახსენა, ე.წ. დეპორტირებულების საქმეა.

მინისტრის ინფორმაციით, 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალურ კომპენსაციას, რომელიც რუსეთს დაეკისრა, რუსეთი ევროპის საბჭოს ანგარიშზე გადარიცხავს, ამ მიზნით კი ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა მემორანდუმზე, რომლის მიხედვით, რუსეთს თანხის ჩარიცხვის ვადად დეკემბრის ბოლო განესაზღვრა.


სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება 2019 წლის 31 იანვარს მიიღო. გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთი ვალდებულია, საქართველოს სახელმწიფოს, როგორც მოსარჩელე მხარეს, ჩაურიცხოს 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია იმ დაზარალებულთათვის გადასაცემად, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ.