ე.წ. კარტოგრაფების საქმე | პროკურატურა სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართავს

პუბლიკა

ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში განცხადება გაკეთდა.

საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, რომ მელაშვილისა და ილიჩოვას ბრალეულობა მყარი მტკიცებულებებითაა დამტკიცებული, რომლებიც პროკურატურამ მოიპოვა და მათ მიერ ჩადენილი ქმედებების გამოძიება დაიხურა.

მიხეილ სადრაძემ განაცხადა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ჩანაწერში საზოგადოებამ ივერი მელაშვილის აღიარება ნახა.

მან თქვა, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალების შესაბამისად, აქედან გამომდინარე, გამოძიების აქცენტი მიმართულია დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებისათვის.

„დღეს ერთი პირი იმყოფება გამოკითხვაზე. ამ მიმართულებით აქტიურად ვახორციელებთ მოქმედებებს და საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას.

რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, ბრალდებულების ბრალეულობა საკმაოდ მაღალი სტანდარტითაა დადასტურებული, პრაქტიკულად ყველაფრი არის ზედაპირზე და ჩვენ ვიხილეთ მათი აღიარება.

შესაბამისად, რადგან მათ მიერ ჩადენილი ქმედებების გარშემო გამოძიება არის ამოწურული, დღევანდელ პროცესზე მივმართავთ სასამართლოს შუამდგომლობით, რათა ბრალდებულებს პატიმრობა შეეცვალოს გირაოთი. ამ ეტაპისთვის მიზანშეწონილად აღარ მივიჩნევთ პატიმრობის გამოყენებას.

ეს ნიშნავს შემდეგს – ბრალდებულები თავისუფლებაში ყოფნის პირობებში დაელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას და ჩვენ ამ პროცესში ვიქნებით საკმაოდ პრინციპულები, კატეგორიულები“, – განაცხადა პროკურორმა.