ე.წ სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებულია ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ირაკლი მხეიძე, ბრალი წარედგინა მიხეილ ჩოხელს

პუბლიკა

ე.წ სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ირაკლი მხეიძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქმის პროკურორმა მედიას დაუდასტურა. მხეიძის ადვოკატის, ვახტანგ კვიჟინაძის თქმით, საქმე ეხება იმ 7-თვიან პერიოდს, როდესაც ირაკლი მხეიძე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის თანამდებობას იკავებდა. მისივე თქმითვე, ეს გამოძიება 3 წელია, მიმდინარეობს.

სასამართლო პროცესი გუშინ გვიან ღამით მიმდინარეობდა და საქმეზე დაკავებულ ყველა პირს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იმ პირების მიმართ კი, რომელთაც ბრალი წარუდგინეს, მაგრამ არ დაუკავებიათ, აღკვეთის სახით პატიმრობა არ გამოუყენებიათ, რადგან მათ ბრალი აღიარეს, ითანამშრომლეს გამოძიებასთან და „უთითებენ იმ კონკრეტულ პირებს, რომლებიც ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში იყვნენ ჩართულები და შესაბამისი როლები ჰქონდათ განაწილებული”.

ირაკლი მხეიძეს ბრალდება 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, პირადი გამორჩენის მიზნით და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ.

„დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე მათ ხელს უწყობდა ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო რეალიზაციაში და შესაბამისად, არ ახორციელებდა სამართალდარღვევებზე შესაბამის რეაგირებას“, – განუცხადა გრიგოლ ნიშნიანიძემ მედიას.

საქმის ფარგლებში, პროკურორის თქმით, ასეულობით პირია გამოკითხული და გამოძიება გრძელდება.

„ყველა პირი, ვისაც შესაძლებელია, რომ შეხება ჰქონდეს ზემოაღნიშნულ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან, რა თქმა უნდა, გამოიკითხება  და თუკი რაიმე მტკიცებულება იქნება და თუკი მათი მხრიდან გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, პროკურატურა მიიღებს შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას“, – განუცხადა მედიას გრიგოლ ნიშნიანიძემ.

სააფთიაქო ნარკომანიზაციის საქმეზე ბრალი წარედგინა ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრ მიხეილ ჩოხელსაც.

„მიხეილ ჩოხელის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა არა მარტო ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, არამედ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტთან დაკავშირებითაც, დამამძიმებელ გარემოებაში“, – ამბობს პროკურორი.

24 ივნისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ გახსნეს სქემა, რომელიც 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციასა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ეხებოდა.

უწყების ცნობით, დააკავეს ორგანიზებული ჯგუფის 17 წევრი, ხოლო მიმალვაში მყოფი 3 პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა. გარდა ამისა, დაკავების გარეშე ბრალდება წარედგინა 11 ფიზიკურ პირს, რომლებმაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან. ასევე, საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოში რეგისტრირებული 24 იურიდიული პირის მიმართ.