EaP-ის 2023 წლის ინდექსში პირველ ადგილზე მოლდოვაა, საქართველო - მესამეზე

პუბლიკა

აღმოსავლეთ პარტნიორობის განახლებული ინდექსის მიხედვით, ევროკავშირთან დაახლოების კუთხით აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას შორის მოლდოვა ლიდერობს. მეორე ადგილზე უკრაინაა, მესამე ადგილზე კი – საქართველო. აღმოსავლეთ პარტნიორობა 6 ქვეყანას: საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, ბელარუსს, სომხეთსა და აზერბაიჯანს მოიცავს.

საერთო ჯამში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსში ევროკავშირდან დაახლოების კუთხით ქულები ასე ნაწილდება:

  1. მოლდოვა  – 0,7;
  2. უკრაინა – 0,66;
  3. საქართველო – 0,63;
  4. სომხეთი – 0,61;
  5. აზერბაიჯანი – 0,47;
  6. ბელარუსი – 0,45.

EaP-ის ეს ინდექსი 2021 წლის სექტემბრიდან 2023 წლის ნოემბრამდე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესს სამი ძირითადი მიმართულებით აფასებს:

  • დემოკრატია, კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობა;
  • პოლიტიკის კონვერგენცია, დაახლოება ევროკავშირთან;
  • მდგრადი განვითარება.

თავის მხრივ ამ მიმართულებებში გამოყოფილია არაერთი ქვეთავი. ამ ძირითადი მიმართულებებიდან დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით საქართველო სომხეთსაც ჩამორჩა, თუმცა ევროკავშირთან პოლიტიკის კონვერგენციის მიმართულებით მოლდოვასთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერობს.

ძირითადი მიმართულებების მიხედვით ქვეყნების რეიტინი შემდეგნაირად განაწილდა:

დემოკრატია, კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობა:

  1. მოლდოვა – 0,78;
  2. უკრაინა – 0,72;
  3. სომხეთი – 0,7;
  4. საქართველო – 0,65;
  5. აზერბაიჯანი – 0,37;
  6. ბელარუსი – 0,24.

პოლიტიკის დაახლოება ევროკავშირთან:

  1. საქართველო – 0,64;
  2. მოლდოვა – 0,64;
  3. უკრაინა – 0,6;
  4. სომხეთი – 0,57;
  5. აზერბაიჯანი – 0,5;
  6. ბელარუსი – 0,38.

მდგრადი განვითარება:

  • ბელარუსი – 0,72;
  • მოლდოვა – 0,68;
  • უკრაინა – 0,67;
  • საქართველო – 0,6;
  • სომხეთი – 0,55;
  • აზერბაიჯანი – 0,53.

საქართველოსთან დაკავშირებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანამ მნიშვენლოვნად დაკარგა ადგილი როგორც დემოკრატიის, ისე კარგი მმართველობის კუთხით, შესუსტდა ასევე პოლიტიკის დაახლოების მიმართულებითაც.

„რეალურად საქართველოს მაჩვენებლები ხასიათდებოდა მნიშვნელოვანი დაღმავალი ტრაექტორიით, თუ არა მკვეთრი დაცემით ბევრ სფეროში, რაც ასახავს ქვეყნის პოლიტიკურ პოლარიზაციას.

მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა ამ ინდექსით განსაზღვრულ თითქმის ყველა თემატურ სფეროში (კერძოდ, დემოკრატიული უფლებები, არჩევნები და პოლიტიკური პლურალიზმი, კორუფციასთან ბრძოლა, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულება, დამოუკიდებელი მედია, საჯარო ადმინისტრაცია, საბაზრო ეკონომიკა, თავისუფლება, უსაფრთხოება და სამართლიანობა, გარემოსა და კლიმატის პოლიტიკა), შეკრების თავისუფლების გამოკლებით, რომელიც მოიაზრება აზრისა და გამოხატვის თავისუფლების, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების თემატური არეალის ქვეშ“, – ნათქვამია აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის 2023 წლის ანგარიშში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე ქვეყნდება და აფასებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ გაწეულ საქმიანობასა და წინსვლას დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისკენ.

2023 წლის ინდექსი და ანგარიში გამოცემულია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტის სამდივნოს ძირითადი გუნდის მიერ, ალექსანდრა საბუს ხელმძღვანელობით. ის მოიცავს 2021 წლის სექტემბრიდან 2023 წლის ნოემბრამდე პერიოდს.

ინდექსის შესადგენად გამოიყენეს 65 ადგილობრივი ექსპერტის, სექტორის კოორდინატორისა და ავტორის მოსაზრებები. საქართველოდან ჩართულ ექსპერტებს შორის არიან: გიორგი დავითური, კახა გოგოლაშვილი, მარი გაბედავა, გელა კვაშილავა, თუთანა კვარაცხელია, კორნელი კაკაჩია, მანანა ქოჩლაძე, თამარ ხიდაშელი, თამარ პატარაია.