ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე „ქართველი მუსლიმები და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” და დაადგინა, რომ ქობულეთის პანსიონატის საქმეზე ქართველი მუსლიმი თემის უფლებები დაირღვა. დადასტურდა თემის დისკრიმინაციული შევიწროების დროს სახელმწიფოს უმოქმედობა.
იურისტის და სარჩელის ერთ-ერთო ავტორის, თამთა მიქელაძის განცხადებით, გადაწყვეტილების თანახმად, პოლიციამ არც კი სცადა რელიგიური სიძულვილით მოტივირებული ორგანიზებული შევიწროების, სულ მცირე, ლიდერების იდენტიფიცირება და დასჯა.
ქართველ მუსლიმთა დევნის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი 2014 წლის სექტემბერში მოხდა, როცა ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩის მცხოვრებლებმა მუსლიმური მედრესეს, იგივე სასულიერო სასწავლებლის მშენებლობა გააპროტესტეს. ადამიანების ჯგუფმა, რომლებიც მედრესეს მშენებლობას აპროტესტებდნენ, ლერმონტოვის ქუჩაზე ღორი დაკლეს და მისი თავი დაწესებულების შესასვლელში დაკიდეს.
გადაწყვეტილების მიხედვით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 (პირადი ცხოვრების უფლება) და მე-9 მუხლების (აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება) დარღვევა, მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) ერთობლიობაში, რამდენადაც მიიჩნია, რომ პოლიციამ არ შეაჩერა კერძო პირების დისკრიმინაციული ქმედებები რელიგიური პანსიონატის წინააღმდეგ და ამასთან ერთად, რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული შევიწროების აქტზე, გამოძიების ფორმალური ჩატარების მიუხედავად, შესაბამისი სამართლებრივი შედეგი არ დადგა.
ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადგინა კონვენციის 1 დამატებითი ოქმის 1-ლ მუხლის საკუთრების უფლება) დარღვევა, პანსიონატის შენობით განგრძობადი სარგებლობის შეუძლებლობის გამო პანსიონატის ადმინისტრაციის მხრიდან.
უფრო ზუსტად, ევროპული კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლებთან და მათთან კავშირში მე-14 მუხლთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლების ორგანოების მხრიდან, განმცხადებლების პირადი ცხოვრება, ღირსება და რელიგიური მრწამსი სათანადოდ არ იქნა დაცული.
განმცხადებლები აგრესიულად განწყობილი ჯგუფის მიერ ორგანიზებული აქციის დროს სიძულვილის ენის, მუქარისა და დამამცირებელი მოპყრობის სამიზნეები იყვნენ. აღნიშნულმა კი, პოლიციის უმოქმედობასთან ერთად, შიშისა და დაუცველობის განცდა ჩამოაყალიბა, რის გამოც განმცხადებლებმა, პანსიონატის გახსნისგან თავი შეიკავეს.
კონტექსტის გააზრებისა და გარემოებების ობიექტური შეფასების ფონზე, სასამართლომ აღნიშნა, რომ ძალადობრივი ქმედებები, განმცხადებლების რწმენის წინააღმდეგ იყო მიმართული, კერძოდ კი, მათ დასამცირებლად და შესაშინებლად. ამიტომ, არსებითი იყო შესაბამის ეროვნულ ორგანოებს გაეღოთ ყველა შესაძლო ზომა, მათ შორის სპეციფიკური კონტექსტის გათვალისწინებით გამოძიების ჩატარება რელიგიით მოტივირებული ძალადობრივი ქმედებების გამოვლენის მიზნით.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეროვნულმა ორგანოებმა სათანადოდ ვერ უზრუნველყვეს პოზიტიური ვალდებულება, რომ დაედგინა რელიგიურ მრწამსთან მიმართებით ზიანი, რაც უნდა ყოფილიყო ამ მოვლენების გამოძიების ცენტრალური ყურადღების საგანი.
აღსანიშნავია, რომ განმცხადებლები ასევე სადავოდ მიიჩნევდნენ კონვენციის მე-3 მუხლის (წამებისა და არასათანადო მოპყრობის აკრძალვა) დარღვევას და მათ მიმართ ღირსების შემლახავ მოპყრობას. სასამართლომ არ უარყო, შენობის კარზე ღორის თავის დაკიდების ფაქტი, რამდენად დამამცირებელი შეიძლება ყოფილიყო მუსლიმი თემის წარმომადგენლებისათვის.
თუმცა, დაადგინა, რომ მოცემულ საქმეზე გამოვლენილი სისასტიკის ზვარი არ უახლოვდება კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილ სტანდარტს და ღირსების შელახვის შეფასება კონვენციის მე-8 მუხლის ქვეშ მოახდინა.
კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლთან მიმართებით, სასამართლომ განმარტა, რომ „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობებს“, ჰქონდა დაქირავებული შენობის თავისუფლად გამოყენებისა და მფლობელობის უფლება.
სასამართლომ მიუთითა, კერძო პირების მიერ ჩადენილ არაკანონიერ ქმედებებსა და სახელმწიფოს მხრიდან მიღებული არასაკმარის ზომებზე და აღნიშნა, რომ შპს „ქობულეთის წყლისა“ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ სკოლის შენობის საკანალიზაციო სისტემასთან დაკავშირების განზრახ შეფერხებით, „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობებმა“ ფაქტობრივად დაკარგა თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, იმდენად, რამდენადაც, მას მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში არ მიეცა შესაძლებლობა, რომ მისი სურვილის შესაბამისად, შენობა მუსლიმური სკოლის გასახსნელად გამოეყენებინა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, საყურადღებოა, რომ ამ ნაწილში სასამართლომ არ გაიზიარა სახელმწიფოს პოზიცია, რომ განმცხადებლისთვის თავისი უფლებების ეფექტური დაცვის საშუალების მინიჭების გზით, სახელმწიფომ მასზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულება შეასრულა.
ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ სკოლის შენობით სარგებლობის უფლების დაკარგვა, მისი თანმდევი შედეგებით, ვერ იქნება მხოლოდ კერძო პირების არაკანონიერი ქმედებების შედეგი, იმდენად, რამდენადაც, პასუხისმგებელმა სახელმწიფო ორგანოებმა, დისკრიმინაციული ქმედებებისა და მუქარის წნეხის ფონზე, ვერ შეძლეს დროულად შეეჩერებინათ სკოლის ბლოკადა, რაც სასამართლომ სახელმწიფოს მიერ მასზე დაკისრებული უარყოფით ვალდებულებების შეუსრულებლობად მიიჩნია. მოსარჩელეებისთვის დარღვეული უფლებების კომპენსაციისთვის 5000 ევრო გაითვალისწინა.
ცხადია, რომ მომავალში აღნიშნული საქმის აღსრულების ეტაპზე შესაძლებელი გახდება მთელი რიგი ზოგადი ღონისძიებების დაკისრება საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც რელიგიური შეუწყნარებლობის, დევნისა და შევიწროების პრაქტიკების აღმოფხვრისა და პრევენციისკენ იქნება მიმართული.
ქართველ მუსლიმთა ურთიერთობებისა და სხვა შვიდი მუსლიმური თემის წარმომადგენლის სახელით განაცხადი ევროპულ სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ევროპის ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ცენტრთან (EHRAC) ერთად 2019 წელ წარადგინა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აღნიშნულ საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.