ECHR: რუსეთში „აგენტების კანონის" მიზანი არის დასჯა, დაშინება, არის მასტიგმატიზებელი

პუბლიკა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთში „უცხო ქვეყნის აგენტების კანონის“ შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა.

სარჩელი „კობალინა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ ეხება რუსეთში მიღებულ კანონს, რომელიც მრავალი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციისა და ინდივიდისგან მოითხოვს, დარეგისტრირდნენ „უცხო ქვეყნის აგენტებად“, რაც აისახება მათ პირად ცხოვრებასა და საქმიანობაზე.

დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ ამ კანონით ირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი – გამოხატვის თავისუფლება, მე-11 მუხლი – შეკრების თავისუფლება, ასევე, მე-8 მუხლი – პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება.

სასამართლომ დაადგინა, რომ ეს კანონმდებლობა არის მასტიგმატიზებელი, შეცდომაში შემყვანი და გამოიყენება ზედმეტად ფართო, არაპროგნოზირებადი გზით.

ამან სასამართლოს უბიძგა დასკვნისკენ, რომ კანონმდებლობის მიზანი არის დასჯა და დაშინება და არა გამჭვირვალობის საჭიროება ან ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშიერებული ნებისმიერი ლეგიტიმური წუხილი.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსაკუთრებით გამოყო ორგანიზაციებისა და კერძო პირების ვალდებულება, ნებისმიერი რამ, რასაც ისინი გამოაქვეყნებენ, მონიშნონ „უცხო ქვეყნის აგენტების“ იარლიყით.

ასევე, მათი გარიყვა ყველა საარჩევნო პროცესისგან, სწავლების პროცესებისგან; უარი, ჰქონდეთ წვდომა ახალგაზრდა აუდიტორიებზე; ასევე, ჩამოერთვათ შემოსავლის მიღების შესაძლებლობა რეკლამის კერძო დამკვეთებისგან.

ECHR-მა ასევე ხაზი გაუსვა არაპროპორციულ სანქციებს ამ ადამიანებისა და ორგანიზაციებს წინააღმდეგ, თვითნებური ჯარიმებისა და ორგანიზაციების დაშლის ჩათვლით.

„ასეთ შეზღუდვებს ჰქონდათ მსუსხავი ეფექტი საზოგადო დისკურსსა და სამოქალაქო ჩართულობზე. მათ შექმნეს ეჭვისა და უნდობლობის ატმოსფერო დამოუკიდებელი ხმების მიმართ და ძირს გამოუთხარეს დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლებს“. ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საკანონმდებლო ჩარჩო კიდევ უფრო დაშორდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებს.