„ეჭვი მაქვს, ამ ტვიტის შექმნაში თვითონ პრემიერი არ უნდა იყოს ჩართული“ - ზალკალიანი უკრაინის პრემიერზე

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უკრაინის პრემიერის ტვიტის შესახებ „კურიერის“ შეკითხვას უპასუხა.

მისი თქმით, პრემიერ ღარიბაშვილსა და პრემიერ შმიჰალს „კარგი, მეგობრული ურთიერთობა“ აქვთ.

„ჩვენ, მართლაც, არა მხოლოდ ოფიციალური, არამედ მჭიდრო მეგობრული, პარტნიორული, ნამდვილი ძმური ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა“, – ამბობს ზალკალიანი, რომელიც ეჭვს გამოთქვამს, რომ ამ ტვიტის შექმნაში თვითონ პრემიერი შმიჰალი არაა ჩართული.

„მე ეჭვი მაქვს, ამ ტვიტის შექმნაში უშუალოდ თვითონ პრემიერი არ უნდა იყოს ჩართული, მაგრამ ეს ჩემი ვარაუდებია, რადგანაც ის ტექსტი, რომელიც არის ქართულად დაწერილი, მე ჩემს ეჭვებს მიჩენს და მაქვს მოსაზრება, თუ საიდან შეიძლება მოდიოდეს ეს.

მაგრამ ეს იქით იყოს, რადგან მესმის იქ შექმნილი სიტუაციის სიმძიმე და ყველა ამ რაღაც ემოციური ფონზე შეიძლება გაკეთებულიყო ასეთი პოსტი, მაგრამ საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ ის ურთიერთობა, რაც პრემიერ ღარიბაშვილსა და პრემიერ შმიჰალს შორის ჩამოყალიბდა და ის თანადგომა არის ურყევი“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრს ინტერვიუში აღარ დაუზუსტებია, რას გულისხმობს ამ განცხადებაში.