უკრაინის პრემიერი: იმედია ღარიბაშვილი გამოიჩენს გამბედაობას და ფრენის ნებართვას გასცემს

პუბლიკა

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი ტვიტერზე პოსტს აქვეყნებს და ღარიბაშვილს მოუწოდებს, გამოიჩინოს გამბედაობა და გასცეს ფრენის ნებართვა.

„მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია @GharibashviliGe გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება! #StopRussia”, – წერს ის ქართულ ენაზე და კომენტარის ველში ამატებს: „თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში”. 

როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა ამბობს, ქართველი მოხალისეების წასაყვანად უკრაინიდან თვითმფრინავი უნდა გამოფრენილიყო, თუმცა იმის გამო, რომ აღნიშნულმა ეკიპაჟმა შესაბამისი ნებართვა ვერ მიიღო, რეისი არ შედგა. მისივე ინფორმაციით, რეისი ორგანიზებული იყო უკრაინის საელჩოს მიერ.

„პუბლიკა“ ცდილობს, აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას ოფიციალურ უწყებებთან.