EFCSN: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას შეწყვიტოს „ფაქტ-მეტრისა“ და „მითების დეტექტორის“ შევიწროება

პუბლიკა

ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელი (EFCSN), რომელიც  27 ქვეყნის 40-ზე მეტ ფაქტების გადამოწმების დამოუკიდებელი ორგანიზაციის ასოციაციას წარმოადგენს, გმობს იმ პირდაპირ თავდასხმებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციის მიმართ ახორციელებს.

„დამოუკიდებელი ფაქტების გადამოწმება საჯარო სერვისია, ხოლო ჩვენს ქართველ წევრებს აქვთ მოვალეობა, გადაამოწმონ მთავრობის წარმომადგენლების განცხადებები და ამცნონ მოსახლეობას, თუ ისინი მცდარ ინფორმაციას შეიცავს. არცერთი მთავრობა არ უნდა ცდილობდეს, დააშინოს ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციები, რათა მათ ვეღარ მოახერხონ საკუთარი საქმის შესრულება“, – ნათქვამია ორგანიზაციის გავრცელებულ განცხადებაში.

EFCSN ყალბს უწოდებს ბრალდებას, რომ მათი აკრედიტაციის პროცესის „ლობიზმის“ ან რაიმე სხვა სახის არასამართლიანი გავლენის საშუალებით მოხდა  და ამბობს, რომ ეს მიზნად ისახავს როგორც ქართული ორგანიზაციების, ასევე თავად EFCSN-ის დისკრედიტაციას.

ამასთან, ასოციაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის მტკიცება, თითქოს ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციები მოსახლეობას „ცენზურას“ უწესებენ მცდარია და წარმოადგენს მცდელობას, ხელი შეუშალოს თავისუფალი პრესის ლეგიტიმურ როლს ძალაუფლების წინაშე ანგარიშვალდებულების შექმნაში.

„ფაქტების გადამოწმების ისეთი ონლაინინიციატივები, როგორიც Meta-ს მესამე მხარის ფაქტების გადამოწმების პროგრამაა, აქტიურია ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში და მათი ეფექტურობა დეზინფორმაციის წინააღმდეგ სამეცნიერო მტკიცებულებებითაც დასტურდება. გარდა ამისა, EFCSN-ის წევრებთან თანამშრომლობა არჩევნების დროს დეზინფორმაციასთან  გამკლავების სასარგებლო გზადაა აღიარებული ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ“, – ნათქვამია განცხადებაში.

EFCSN-ის განცხადებით, აშკარაა, რომ შევიწროების კამპანია მიზანმიმართულად მიმდინარეობს სწორედ იმ დროს, როდესაც მთავრობას ხელახლა შემოაქვს „უცხოელი აგენტების“ კანონი.

„აშკარაა, რომ შევიწროების კამპანია მიზანმიმართულად მიმდინარეობს სწორედ იმ დროს, როდესაც მთავრობას ხელახლა შემოაქვს “უცხოელი აგენტების” კანონი, რომელიც „შეზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას“ (Amnesty International) და „რომლის რეალური მიზანი დამოუკიდებელი მედიისა და  არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის შეფერხებაა“ (RSF). ამ ფონზე, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ საქართველოს მთავრობა უსაფუძვლოდ წარმოაჩენს თავის ქმედებებს ისე, თითქოს ისინი ევროკავშირის სტანდარტებთანაა თანხვედრაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების ევროპული საზოგადოება მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს „ფაქტ-მეტრისა“ და „მითების დეტექტორის“ შევიწროება და შეახსენებს მას, რომ EFCSN-ის ვერიფიცირებული წევრები უკვე აკმაყოფილებენ  ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ მოთხოვნებს, რომლებიც არსებობს გლობალურ მედია სექტორში გამჭვირვალობის, ეთიკისა და გამოძიების მეთოდოლოგიის კუთხით – რომელთან შესაბამისობასაც დამოუკიდებელი აუდიტორები რეგულარულად განიხილავენ.