ეგორ კოჩიევი: შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი წნელისთან საგუშაგოს აღება იქნება

პუბლიკა

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოადგილემ პოსტკონფლიქტური მოგვარების საკითხებში ეგორ კოჩიევი ამბობს, რომ გიორგი გახარიასთვის ჩორჩანის საქმეზე ბრალის წარდგენის შემდეგ, რომ პროცესის ლოგიკური გაგრძელება საგუშაგოს აღება იქნება.

„იმ ბრალდებებს შორის, რომლებიც გიორგი გახარიას აქვს, არის დესტაბილიზაციის მცდელობა [ჩორჩანა/წნელისთან] საპოლიციო საგუშაგოს მოწყობის გზით. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ, თუ საქართველოს ხელისუფლება აღიარებს, რომ ამ პოსტის განთავსება შეცდომაა, ამის ლოგიკური გაგრძელება მისი აღება იქნება“, – თქვა მან.

ჩორჩანის საგუშაგოს მოწყობის საქმეზე გიორგი გახარიას ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღკვეთის ღონისძიების სახით გახარიას დაუსწრებლად შეუფარდეს პატიმრობა.

წნელისი, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი უისტას უწოდებს, ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული.

2019 წლის აგვისტოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ჩორჩანის ტყეში, რომელიც წნელისს ესაზღვრება და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა, საგუშაგო განათავსა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, წნელისის მოსაზღვრე სოფელ ჩორჩანის სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნებოდა. სუს-მა ეს ქმედება პროვოკაციად შეაფასა.

2019 წლის 29 აგვისტოს საოკუპაციო რეჟიმმა ერგნეთის IPRM შეხვედრა ჩაშალა, ჩორჩანიდან ქართული საგუშაგოს გატანა მოსთხოვა და ულტიმატუმი წარადგინა, რომ, თუ ქართული მხარე დილის 6 საათამდე „სოფელ წნელისში პოლიციის საგუშაგოს არ აიღებდა, ისინი კანონის ფარგლებში მოექცეოდნენ”.

29 აგვისტოს ერგნეთის შეხვედრაზე  საქართველოს დელეგაციამ განაცხადა, რომ პოსტი საქართველოს ტერიტორიაზეა განთავსებული, ამავე დროს, მათ არ შეუძლიათ წარუდგინონ რაიმე დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებს ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლების უსაფუძვლო განცხადებებს.

შესაბამისად, ქართულმა მხარემ ულტიმატუმი არ შეასრულა, საგუშაგო არ აიღო და მისი გამაგრება გააგრძელა.

მთელი ღამის განმავლობაში ჩორჩანასთან გრძელდებოდა საგუშაგო კოშკის მშენებლობა და გამაგრება, აქვე იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

მაშინ, 2019 წლის 30 აგვისტოს სუს-ის უფროსის მოადგილე კახა ქემოკლიძემ თქვა, რომ „ამას დრამატულად არ შეხედავდა – ეს არის ინციდენტი, რომელიც საჭიროებს ძალიან პრაგმატულ, მშვიდ, წყნარ მიდგომას და ჩვენს ხელთ არსებული დიპლომატიური ინსტრუმენტების გააქტიურებას, რათა მოხდეს აღნიშნული საკითხის მშვიდად, წყნარად დარეგულირება”.

რაც შეეხება ულტიმატუმის ენით საუბარს, კახა ქემოკლიძემ თქვა, რომ ის პირადად სხვა დროსაც შესწრებია მსგავსი ტიპის საუბრებს ერგნეთის შეხვედრაზე.

2019 წლის 30 აგვისტოს ბიბილოვის ხელისუფლებამ წნელისში შეიარაღებული ძალები გადაისროლა. რეგიონის ყოფილმა ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა ახალგორი ჩაკეტა, ჩორჩანის ტყეში კი ოკუპირებული წნელისიდან ე.წ. უშიშროების სამსახურის შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ტყეში გზა გაიყვანა და იქ ორი საგუშაგო მოაწყო.

პროკურატურის განცხადებით, საგუშაგოს მოწყობის გამო 2019 წლის 5 სექტემბერს, ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა სიმაღლეები დაიკავეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

„საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობას, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, რამაც მხარეებს შორის შექმნა შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები“, – აცხადებს უწყება.