ეკონომიკის მინისტრის მოადგილე „ესკოს“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი „ესკოს“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა. მინისტრმა ნათია თურნავამ ამ პოსტზე ის დღეს წარადგინა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, რომელსაც პოსტი 2019 წლის მაისიდან 2021 წლის 25 დეკემბრამდე ეკავა და ენერგეტიკის სექტორს კურირებდა, სს „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის“ (ესკო) გენერალურ დირექტორი იქნება.

მინისტრის განცხადებით, 2022 წელი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით საყურადღებო იქნება ისეთი ორგანიზაციისთვის, როგორიცაა „ესკო“.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ფუნქციაა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება „ესკოს“ ხელმძღვანელად დაგვენიშნა განსაკუთრებით გამოცდილი კადრი, მინისტრის ყოფილი მოადგილე და ენერგეტიკის სექტორის კურატორი დავით თვალაბეიშვილი. ის ეფექტურად ახორციელებდა ენერგეტიკის კოორდინაციას და ყველაზე მეტად იცის, რა გამოწვევების წინაშე დადგება სექტორი მომავალში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა „ესკოს“ ყოფილ ხელმძღვანელს ზაზა დვალიშვილს, რომელიც რჩება სისტემაში და გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის სტატუსით განაგრძობს საქმიანობას.