„ელჩები შეცდომაში არიან შეყვანილი“ - კობახიძე ევროკავშირის ქვეყნების დემარშზე

პუბლიკა

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რუსეთთან ფრენების დაწყების გამო ევროკავშირის ქვეყნების ერთობლივ დემარშზე კომენტარი გააკეთა. მისი შეფასებით ელჩები „შეცდომაში არიან შეყვანილი“.

ის ამბობს, რომ ფრენების დაწყებაზე პოლიტიკური შეთანხმება 2010 წელს სააკაშვილსა და პუტინს შორის შედგა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში პოლიტიკური შეთანხმების გაფორმების საჭიროება დღის წესრიგში ვერ დადგებოდა.

 „2010 წელს გაიაშვილს, რომელიც ფლობს ავიაკომპანიას, მიხეილ სააკაშვილმა მოსკოვში ჩასვლა სთხოვა. მან დაიწყო სააკაშვილის თხოვნით პოლიტიკური მოლაპარაკებები. მაშინ შედგა პოლიტიკური შეთანხმება სააკაშვილსა და პუტინს შორის. შესაბამისად, არავითარი ახალი პოლიტიკური შეთანხმება საჭირო არ იყო. მას შემდეგ ეს პოლიტიკური შეთანხმება ძალაშია და ჩვენი მთავრობის მხრიდან არავითარი პოლიტიკური თანხმობა საჭირო აღარაა.

2019 წლიდან რუსეთის მხრიდან დაწესებული იყო ცალმხრივი სანქცია, ეს სანქცია იყო ცალმხრივი და ის მოიხსნა ცალმხრივად ყოველგვარი პოლიტიკური თანხმობის გარეშე.

რაც შეეხება საქართველოდან გაგზავნილ დოკუმენტებს – იგზავნება 3 ტექნიკური დოკუმენტი, შესაბამისი ტექნიკური სააგენტოებიდან, ეს არ არის პოლიტიკური უწყებები, ეს არის ავიაციის სააგენტო და ა.შ. ამ სააგენტოებიდან გაიგზავნა სამი დოკუმენტი, რომლითაც ტექნიკურად დასტურდება ის რომ ფრენების მიღება შესაძლებელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც წინა შემთხვევაში, როცა ევროკავშირის ელჩმა იუსტიციის მინისტრს სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე დემარში გადასცა, „ელჩები შეცდომაში შეიყვანეს“.

„თქვენ გახსოვთ, რომ რამდენიმე თვის წინ, ასეთი, ე.წ. დემარში განხორციელდა იუსტიციის მინისტრთან სააკაშვილთან დაკავშირებით. მაშინ ეს დემარში ეფუძნებოდა ყალბ ინფორმაციას, რომ თითქოს სააკაშვილი 500 დღის განმავლობაში კვდებოდა. შემდეგ დადასტურდა, რომ ელჩები შეცდომა შეიყვანეს. ეს დაადასტურა, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლომ. აქაც მსგავსი შემთხვევაა. ახლაც ელჩები შეიყვანეს შეცდომაში და უთხრეს, რომ თითქოს ფრენების აღდგენა საჭიროებდა მთავრობის თანხმობას. ეს არასწორია. არავითარი თანხმობა არ იყო საჭირო“, – განაცხადა კობახიძემ.

გუშინ ევროკავშირის წევრმა 27-მა ქვეყანამ საქართველოს ეკონომიკის მინისტრს დემარში გამოუცხადა. დიპლომატების დემონსტრაციული ქმედება რუსეთთან პირდაპირი ფრენის დაწყების საკითხს შეეხო.

ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან განაცხადა, რომ სამინისტროში შეხვედრაზე მინისტრ ლევან დავითაშვილს აცნობეს, რომ ფრენის დაწყების გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება 27-ვე წევრი ქვეყნის ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ არ ჰქონდეთ პირდაპირი ფრენები რუსეთში და რუსეთიდან, არ დაუშვან რუსული თვითმფრინავების მიერ ევროკავშირის საჰაერო სივრცის გადაკვეთა.

ელჩის თქმით, შეშფოთება გამოთქვეს იმაზე, რომ ეს ეწინააღმდეგება რუსეთს იზოლაციაში მოქცევას და ზეწოლის გაძლიერებას.

„მართალია, რომ ეს იყო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება აღედგინა ფრენები საქართველოსთან, თუმცა ეს ასევე საჭიროებდა შეთანხმებას საქართველოს მთავრობის მხრიდან. სწორედ ამიტომ, მე დამავალეს გადამეცა გზავნილი, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნისგან, რომ ჩვენ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, მიიღოს პირდაპირი ფრენები რუსეთსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ. [1tv-ის თარგმანი]