ელჩებთან შეხვედრის დეტალები მედიასთან არ გასაჯაროვდება – ნათელაშვილი

პუბლიკა

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებს ხვდებიან. შეხვედრა დროზე ადრე დატოვა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა. მისი თქმით, აზრთა გაცვლა-გამოცვლა გრძელდება, თავად კი, როგორც ამბობს, ობიექტური მიზეზების გამო დატოვა შეხვედრა.

„როგორც მოსალოდნელი იყო სრულ პოლიტიკურ კრიზისში, რაც წარმოიშვა მასობრივად გაყალბებული არჩევნების გამო და რის გამოც ოპოზიციამ უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე, აი, ამ პროცესთა დარეგულირებაში ჩაერთვნენ ჩვენი მოკავშირეები, მეგობარი სახელმწიფოები. ამ შემთხვევაში – აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლები.

გრძელდება აზრთა გაზიარება და მე ცოტა ადრე გამოვედი ობიექტური მიზეზების გამო. შეხვედრები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. მე შემიძლია ორ რამ გითხრათ – პირველი, იქ მიმდინარე საუბრების დეტალიზაცია, მოლაპარაკების თანახმად, არ მოხდება მედიასთან,  როგორც წესი და რიგია, მაგრამ  მე სიამაყით მინდა აღვნიშნო, ასეთი ერთიანი ოპოზიცია, როგორიც დღეს არის, მე არ მახსოვს და არც ყოფილა. ყველა ვდგავართ იმ აზრზე, რომელზეც ვიდექით.

მე მოგახსენებთ ჩემს პოზიციას ამ დეტალებზე, მაგრამ ვერ გეტყვით, იქ ვინ რა პოზიცია დააფიქსირა. არჩევნები უნდა ჩატარდეს ხელახლა და ეს შედეგები ბათილად უნდა იყოს ცნობილი. ორ თვეში უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები ახალი ადმინისტრაციით. რაც მთავარია, გადათვლა ვეღარ უშველის ამ საკითხს, როგორც მიცვალებულს რეანიმაცია.

ოპოზიცია პარლამენტში არ შედის.  ცივ ქვაზე რომ დავრჩეთ, საერთოდ მშივრები რომ ვიყოთ, ჩამოვივლით თითო ოჯახს და ყოველდღე თითო ოჯახი გვაჭმევს პურს. აი, ამაზეც წავალთ. არ გვჭირდება არვითარი დაფინასება“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

8 ოპოზიციური პარტიის ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრა ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის სახლში იმართება და ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, შეხვედრას ესწრება ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში კარლ ჰარცელი და საფრანგეთის ელჩი, ინიციატორი კი, ლიდერების თქმით, ამერიკის ელჩი, კელი დეგნანია.